ზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტურია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვისა და მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს – ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და აღარც აინტერესებს, მერე რა იქნება.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ხარჯი 570 მლნ ლარითაა განსაზღვრული. დავით სერგეენკომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ დღეში საშუალოდ 1,56 მლნ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო.

16 აპრილისათვის 202 მლნ ლარია დახარჯული, რაც ნიშნავს, რომ რეალურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველდღიური საკასო ხარჯი საშუალოდ 1,91 მლნ ლარია. შესაბამისად, პროგრამა დეფიციტურია.

ეს კი ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას კიდევ მინიმუმ 127 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან, რომ პროგრამამ იმავე რეჟიმში განარგძოს ფუნქციობა.

თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად ვერ დაფარა. 2015 წლიდან სამინისტროს კლინიკების მიმართ დაახლოებით 65 მლნ ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი.

ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებულ დაფინანსებაზე თავისი ჯიბიდან დამატება უწევთ (ჯანდაცვის სფეროში ფასები მინიმუმ 10%-ითაა გაზრდილი), დახმარებისათვის ისევ სამინისტროს აკითხავენ.

სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს მეორე პროგრამას “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09), რომლის წლიური ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. აქედან 8.5 მლნ ლარი უკვე დახარჯულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით სერგეენკო ოქტომბრის არცევნებამდე სრულად ამოწურავს ბიუჯეტის ამ მუხლს. ამ ნაწილში წლის ბოლომდე მინიმუმ 9 მლნ ლარი იქნება დასამატებელი ან უამრავ გაჭირვებულ ადამიანს თანადაფინანსებაზე (და შესაბამისად, მკურნალობის გაგრძელებაზე) უარი უნდა ეთქვას.

ოქტომბერში ამოიწურება სხვა პროგრამის “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” (35 03 03 07) წლიური ფინანსებიც და ბიუჯეტის ამ მუხლში მინიმუმ 6 მლნ ლარი იქნება დასამატებელი.

მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში, რაც ასევე აწვება პაციენტებისა და მათი ოჯახების ჯიბეს.“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშოთა მურღულია ქუთაისის მაჟორიტარად კენჭისყრას არ გამოირცხავს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: NDI-ში ერთი რაც შეიცვალა – ნავარო შეცვალა შედარებით პოზიტიურმა ლორამ