ზურა პატარაძე – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაჯარიმებული იყო

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება უახლოეს პერიოდში, თუმცა მინდა განვმეორდე, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი იქნება, თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით იქნება მაქსიმალური რეაგირება, მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების მხრიდან და ძალიან მალე გვეცდონება დამატებითი დეტალები.

კითხვაზე, ვინ გასცა ნებართვა ამ შენობის ექსპლოატაციაში მიღებაზე, მაშინ როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ზუსტად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს.

„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო შეფასება, მითითება, რომელიც შარშან გაიცა მხოლოდ, იყო გარკვეული დარღვევები და შესაბამისად, კომისიამ წელს არ განიხილა და არ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. ეს არის სულ სხვა მოცემულობა, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ გამოძიებას“,- აღნიშნა პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი – „ლეოგრანდში“ კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ