ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია დაიშალა

ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა ამ წუთებში გაიხსნა. შეგახსენებთ გზა აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გადაკეტილი. აღდგენილია ავტომობილების მოძრაობაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას განცხადებით, აქცია მათი თხოვნის შემდეგ დაიშალა.

„მათ ვერ მიიღე ვერანაირი პასუხი ადგილობრივი მათავრობისგან. ჩვენ ვთხოვეთ აქციის მონაწილეებს, რომ დღეს დაიშალონ. ეს ხალხი თავად დაირაზმება შემდეგში, მათ არ სჭირდებათ ორგანიზება. სამეგრელოში მოხდება სოციალური აჯანყება და აფეთქება. ამ ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტული პასუხი“, – აღნიშნა მელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის კობა ქანთარიას განცხადებით, მთავრობა კომპენსაციებს ვერ გასცემს, თუმცა მავნებელთან ბრძოლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

“ადრეც გავეცით შესაწამლი საშუალებები და ახლაც მიმდინარეობს პრეპარატების დარიგება. კომპენსაციის საკითხი არ დგას დღის წესრიგში”, – თქვა ქანთარიამ.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დროებით დაიშალნენ და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებს გამართავენ.

ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ორგანიზებული. მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს