ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებულ გრიგოლ ჭაბუკიანს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

როგორც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აცხადებენ, მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.

“შუამდგომლობა იყო საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან ეს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს“, – განაცხადეს სასამართლოში.

ბრალდებულის სახაზინო ადვოკატის, როზეტა ზარქუას განმარტებით, თავად ჭაბუკიანის სურვილი იყო პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შეთანხმების პირობებს კი ადვოკატი არ აკონკრეტებს.

„ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, კონფიდენციალურია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე გრიგოლ ჭაბუკიანი 1 ნოემბერს დააკავეს. საქმეზე გამოძიება 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიდააკავეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მაღალჩინოსანი
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა