ზუგდიდელები უაქციზო და ვადაგასულ პროდუქტს ე.წ “გუბერნიის” წინ ყიდულობენ

gare45მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, გარემოვაჭრეებს არა მხოლოდ ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით, არამედ ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც. კანონით, გარევაჭრობას მერიის ზედამხედველობის სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად აკონტროლებს, ეს ყველაფერი შესაბამის ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა ვითარება უცვლელია და აღნიშნული რეგულაცია დიდი ხანია ყველას – გამყიდველს, მომხმარებელს, მარეგულირებელს ერთად დაავიწყდა.

ზუგდიდის ცენტრში, ე.წ  “გუბერნიის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხუცი ქალბატონები ყიდიან რუსულ პროდუქციას, რომელიც სავარაუდოდ აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან არის შემოტანილი. მალფუჭებადი პროდუქტი, იმის გარდა, რომ ხშირ შემთხვევაში ვადაგასულია, არის ასევე უაქციზო. კეიდიას, აღმაშენებლის , გამსახურდიას ქუჩაზე მრავლად შეხვდებით რუსულ არაჟანს და რძის სხვა პროდუქტებს, ძეხვეულს და ტკბილეულს.
ადგილობრივების პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ზუგდიდში პროდუქტების ვარგისიანობას არც შესაბამისი სამსახური უწევს კონტროლს და არც დროებითი საზღვრის დაცვა.
გაყიდვაში არსებული არალეგალური პროდუქტი,ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, იაფია, და ხალხი ხშირად ყურადღებას არ აქცევს აქციზებს და ვარგისიანობის ვადას.
“თაიმერთან” საუბარში ადგილობრივები აღშფოთებას გამოხატავენ ზუგდიდის ბაზარში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სრულ განუკითხაობაზე, სადაც სანიტარული ნორმების დარღვევასთან ერთად ახლა უკვე სხვა – უვარგისი პროდუქტის გაყიდვის პრობლემა დაემატა.

“რომელ ჯანსაღ გარემოზეა საუბარი შვილო?!  მოსახლეობას ელემენტარული არსებობის პირობები აქვს წართმეული. სადარბაზოები გადაქცეულია საპირფარეშოებად. მიუღებელია, “გუბერნიის” მიმდებარე ტერიტორიაზე  ვადაგასული ძეხვი  იყიდებოდეს. დროა ხელისუფლებამ ამ პრობლემას გლობალურად შეხედოს და მიხედოს” – ამბობს ზუგდიდის ერთ-ერთი მკვიდრი.

 

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას თინა ხიდაშელი “მაღალი ცინიზმით ჩადენილ დანაშაულს” უწოდებს
შემდეგი სტატიაადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე ამბობს, რომ ბავშვს უმალავენ და ის ცოცხალია