ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები სოხუმში ჩავიდნენ

,რამდენიმე წლის მანძილზე

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები სოხუმში ჩავიდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმთან გამართეს. უკვე გავრცელდა პირველი განცხადებები.

“წელს ჩვენ რამდენიმე სასარგებლო ნაბიჯი გადავდგით, მაგალითად, ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრების აღდგენა გალში. გვქონდა სამი ოთხი შეხვედრა, რომლებმაც აჩვენეს, რომ მართლაც მნიშვნელოვანია ინციდენტების განხილვა. მუშაობა უნდა განვაგრძოთ, თუ კი ეს აფხაზეთის ინტერესებში შედის. მე მინდა მოველაპარაკო აფხაზურ მხარეს ჟენევაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა.

ოფიციალური თბილსი ამ დრომდე ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვმა სოხუმთან გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი და რომელიც გულისხმობს, რუსული და აფხაზური არმიების გაერთიანებას.

საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ ერთადერთი გზა, რომელიც თბილისს აქვს, მოლაპარაკებების გზაა.

“აგრძელებს ოკუპაციას, აგრძელებს მცოცავ ანექსიას, ამ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია არის ძალიან მკაცრი, პრინციპული და ჩვენ მაქსიმალურად ჩართული გვყავს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველას ჰქონდეს რეაგირება. რეალურად ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ოკუპირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის აფხაზეთი, არამედ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, აფხაზებისთვის, აფხაზეთი. როგორც ჩანს, რუსეთი ღიად აცხადებს თავის პოზიციას და აჩვენებს, რომ მისთვის აფხაზეთი არის სამხედრო ბაზა,” – აცხადებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მთავრობამ დააგვიანა რეაქციები 4 წლის განმავლობაში.

“ის, რომ ჩვენ გავქრით საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის მთავარი განმაპირობებელი იმისა თუ როგორ იქცევა დღეს რუსეთი. ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური კი არა, საერთოდ არ გვაქვს ანტი ანექსიური სტრატეგია, არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ რუსეთი ასეთი ტიპის ნაბიჯებს დგამს და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების პოტენციურ ანექსიას ამზადებს,“ – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: მურისიძე ფიგურირებდა სანდრო გვირგვლიანის საქმეში
შემდეგი სტატიაგენშტაბის უფროსის მოადგილედ ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა