საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარ ზაზა თავაძემ აცხადებს, რომ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები მომზადების პროცესშია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მოსამართლეები საქმების მასალებს ინტენსიურად სწავლობენ.
“მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე მოსამართლეებს არ მოუთხოვიათ ხელახალი განხილვის დაწყება. ისინი ინტენსიურად სწავლობენ მასალებს. გადაწყვეტილებები არის მომზადების პროცესში. საქმეების განხილვა მიმდინარეობს ჩვეულებრივად. თუ გადახედავთ ბოლოდროინდელ აქტივობებს, ნახავთ, რომ არაერთი პროცესი გაიმართა, როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის ფარგლებში. განხილვები მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, დაჩქარებულადაც კი”,-აღნიშნა თავაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის მიღების შემდეგ უამრავი პროცედურა აქვს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიყვანას გულისხმობს.
“საქმეებზე, რომელიც უფრო პრიორიტეტულია, როდესაც ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას სჭირდება დრო”, – განაცხადა თავაძემ.