ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება. მოკლული მოზარდის მამის თქმით, მირზა სუბელიანის შემთხვევაში მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა დააკავონ ასევე, ყველა ის პირი, ვინც ყოფილი მაღალჩინოსნის მითითებებს ასრულებდა.

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ მისი დავალებით პროკურორები, იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე, რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან რა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, შეკერეს.

ზაზა სარალიძის თქმით, ასევე, საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა.

დავით სარალიძის განცხადებით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით კი მერაბ მორჩაძე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან