ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. როგორც ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ განაცხადი ლევან მურუსიძეს უკვე გაკეთებული აქვს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ლევან მურუსიძის დანიშვნა არ დაუშვას.
“ბიძინას სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს სასამართლო ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმის საყრდენის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას უვადოდ. რაც დაასამარებს ქართული ხალხის ოცნებას სამართლიან სასამართლოზე და სამართლიანობის აღდგენაზე. პარლამენტის მიერ არჩეული “ქართული ოცნების” წევრები აპირებენ ხმა მისცენ ლევან მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების მტერს. წარმოგიდგენიათ, როგორ გათავხედდა ხელისუფლება? თუ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები – ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია არ დაუჭერენ მხარს ლევან მურუსიძეს, რომელსაც უკვე გაუკეთებია განაცხადი სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის თაობაზე, მას არ დაამტიცებენ”, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით, მურუსიძის “სახლში გაშვებით”, რომელსაც ვადა ეწურება, დაისვენებს სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო ხელისუფლება კი გათავისუფლდება სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისგან.
“სამარხვინოა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დუმილი ამ უმსგავსობაზე. ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ყველაფერზე ხელის მომწერები რომ არიან, უკვე დავრწმუნდით. ”ქართული ოცნებისთვის” სამართლიანობის აღდგენის დაპირება და სამართლიანი სასამართლო იყო საარჩევნო სატყუარა.
მივმართავ საქართველოს პირველ პირს, ბატონ მარგველაშვილს, არ დაუშვას სამართლიანი სასამართლოს დასამარება. მივმართავ სამოქალაქო სექტორს, გამოვიყენოთ პროტესტის ყვეალანაირი ფორმა, რათა არ დავუშვათ ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნა. მივმართავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, გამჭვირვალე გახადოს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა”, – ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინატო-მ მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვია
შემდეგი სტატია“ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,” – ენმ მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს