ზარდიაშვილი : ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დროიდან მუშაობს, როდესაც აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი განმარტავს, რომ მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რვა წელია მუშაობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ვანო ზარდიაშვილი ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანა დოლიძემ დიდი ხანია იცის, რომ თინათინ აბრალავას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობა დაწყებული აქვს სპეციალისტის რანგიდან.

„ანა დოლიძეს ეს რისთვის სჭირდება? ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელია და ყველაფერს აკეთებს, რომ ის შეწყალებები გადაფაროს, რომელიც მარგველაშვილმა ქორიძისა და ბაქრაძის საქმეებზე განახორციელა. ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დროიდან მუშაობს, როდესაც აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი. შესაბამისად, იმაზე მსჯელობა, რომ შეიძლება რაიმე ზემოქმედება მოხდეს, აბსურდულია და ანა დოლიძის ფანტაზიის წყაროა. ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში საკუთარი ოჯახის ნათესავები კარგად მოიკითხოს. თუ ის იტყვის, რომ მასზე ყოფილი მეუღლე გავლენას ახდენს, ამ საკითხზე შემდეგ ვიმსჯელებ. ანა დოლიძის ყოფილი ქმარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის ხელმძღვანელია. იურისტებისგან უნდა მოითხოვოთ დასაბუთება ან ფაქტები, დანარჩენი ნებისმიერი საუბარი ორღობის ჭორაობაა. ანა დოლიძე პრეზიდენტის წარმომადგენელია და ალბათ, მათ შეთახმება აქვთ, რომ მარგველაშვილის ძალიან შტერული შეწყალებები გადაფარონ და აქცენტები რამენაირად სხვა საკითხებზე გააკეთონ. ეს ის ანა დოლიძეა, რომელიც ქართული ჯარის წინააღმდეგ რუსების მხარეს მუშაობდა. კომპანია, რომელიც ჰოლანდიაში იყო დარეგისტრირებული, რუსულია და ქართული ჯარის მიერ ჩადენილ დანაშაულს სწავლობდა”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, თინათინ აბრალავას გადადგომას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)
შემდეგი სტატიავისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე