ზაჰირ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ტილო თურქეთში ლეგალურად გაიტანა

ზაჰირ ჰუსეინოვი ადასტურებს, რომ აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ტილო თურქეთში გაიტანა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ლეგალურად მოხდა. ამასთან, ჰუსეინოვი, რომელიც ამჟამად გარდაბანში ცხოვრობს, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ვინაიდან, მისი თქმით, ტილოს საფასური მისთვის არავის გადაუხდია. “მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისაგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტროში, შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეაფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან მისი გატანა ლეგალურად მოხდა. თავდაპირველად სურათი სამსუნში, ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასაჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ”, – განუცხადა ჰუსეინოვმა “რუსთავი 2”-ს. სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან. ეკა აბაშიძის თქმით, ნახატი მისმა ძმამ გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ ოჯახმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და შესაბამისი ხელშეკრულება მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვთან გააფორმა, რომლებმაც შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 7 000 დოლარი გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაში“პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის მთავარი საზრუნავი იყო”
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღების თანამშრომელთა რეზერვის შესაქმნელი ტესტირება იმართება