ვის დარჩება ჯავახიშვილის უნივერსიტეტი – შარვაშიძე VS დარჩია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკანდალი მწიფდება. „თაიმერის“ ინფორმაციით „სალხინეთში აურზაური“ ორშაბათს დაიწყება, მაშინ, როცა თსუ-ს აკადემიური საბჭო თავის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საქმე ეხება თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინა (ირინე) დარჩიას ახალ ინიციატივას შეცვალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის ირინა დარჩიას ინიციატივა სულაც არაა აღმაშფოთებელი, მერე რა, რომ სამსახურის უფროსი ცვლის დებულებას, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა შესანიშნავად იციან რას ნიშნავს დებულება შეცვლა. მითუმეტეს, რომ ირინა დარჩიამ ახალი დებულების დამტკიცების შესახებ აკადემიურ საბჭოს ფარულად (თანამშრომლებთან კონსულტაციის გარეშე), მიმართა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა დედა-უნივერსიტეტის რექტორი ყოველ ნაბიჯზე გვიმტკიცებს რომ თსუ-ში სამუშაო პროცესები გამჭვირვალედ მიდის და რომ „არაფერია დაფარული ამ ცის ქვეშეთში“.

საქმე ისაა, რომ ირინა დარჩია აპირებს უნივერსიტეტში „წმენდა“ თავისი სამსახურიდან დაიწყოს და, რაკი, დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად თანამშრომლებს და პროფესურას (სხვათაშორის, უნივერსიტეტში დღემდე ვერ შეთანხმდნენ პროფესურის შესარჩევი კონკურსის პირობებზე) ზონდერების დახმარებით ვერ გამოყრის კაბინეტებიდან, და, რაკი ეს ხელისუფლება, ჰუმანურობით და სამართლიანობის აღდგენითაა გამორჩეული, გადაწყდა „უმტკივნეულოდ“, თანამშრომლებისაგან დაფარულად, ჩატარდეს „პროცედურები“ „ცივილური ფორმით“: დარჩია (დარჩიები) მიმართავენ აკადემიურ საბჭოს ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში ზოგან რეფორმას, ზოგან რეორგანიზაციას უწოდებენ და ამით „არაშინაური“ ხალხისაგან გაათავისუფლებენ ცოდნის ტაძარს. შემდეგ ისევ რეფორმებისა და რეორგანიზაციის სახელით ძველ, ათას დარბევა-შევიწროებას სიმწრით გადარჩენილ თანამშრომლებს ახალი „სისხლით“ (საკუთარი კადრით ახლობელ-მეგობრებით) ჩაანაცვლებენ. ამას რა თქმა უნდა მოჰყვება სასამართლო პროცესები, აქციები და „რეფორმატორების“ კომენტარები როგორ უშლიან „ძველები“ „ახლებს“ ხელს თსუ მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებს შორის იყოს.
ვინ არის ირინა დარჩია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისპოზიცია ირინა დარჩიამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიკავა. ქალბატონი დარჩიათავის დროზე, „საჭირო დროს და საჭირო მომენტში“ ხუბუას მარჯვენა ხელი გახლდათ 2006 -2010 წლებში და როცა ხუბუა ევროპაში „გადაბარგდა“ დარჩიამ ხუბუასთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი, თუმცა აქვე „ადგილზე“ დაასაქმეს, ამიტომ ბოლო 7 წლის განმავლობაში რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. საბოლოოდ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში„დაბანაკდა“ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსად.
2017 წლის პირველი მაისიდან სამინისტროდან განთავისუფლებული 10 მაისს თსუ-ში დანიშნეს რექტორის მოადგილის კონსულტანტად. „თაიმერი“ გაგაცნობთ ამ დანიშვნასთან დაკავშირებით რამდენიმე ექსკლუზიურ და საინტერესო დეტალს: 2017 წლის 17 მაისს, თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით (აკადემიური საბჭოს დადგენილება №53/2017).
კონკურსში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა – ირინა დარჩია, რომელიც საბჭომ 15 ივნისს შეარჩია (აკადემიური საბჭოს დადგენილება №69/2017) და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა 23 ივნისს ჩატარდა და ქალბატონი ირინა დარჩია დამტკიცა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. წარმომადგენლობით საბჭოს წევრებს სპიკერმა განუმარტა, რომ მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უფლებამოსილება 12 სექტემბერს ეწურება და შესაბამისად ქალბატონი დარჩია 12 სექტემბრიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას. სენატის დადგენილებაში ვკითხულობთ: „1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცდეს ირინე დარჩია. 2.გადაწყვეტილება ძალაშია 2017 წლის 12 სექტემბრიდან (წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი N3, 2017 წლის 23 ივნისი).
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ოთხი თვით ადრე გამოცხადება და სენატის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გადაწყვეტილებიდან ორთვენახევრის შემდეგ, გარკვეულ ეჭვებს აჩენდა თსუ-მ ეს „მცირედი აჩქარება“ „ჩაყლაპა“. თსუ ასევე „გაგებით შეხვდა“ ქალბატონი დარჩიას „აღსარებას“.

„თაიმერისათვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ქალბატონმა დარჩიამ მისი დაჩქარებული ტემპით არჩევა-დანიშვნის შესახებ არსებული „მოგუდული“ ეჭვები გაფანტა და ერთ-ერთ გაფართოებულ თათბირზე თურმე განაცხადა, რომ მას ექვსი თვე ეხვეწებოდა გიორგი შარვაშიძე წამოსულიყო თსუ-ში ხარისხის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და რომ მან ექვსთვიანი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება – დატოვა მაღალი თანამდებობა, მანქანა, მაღალი ხელფასი და პრემიები და რექტორის თხოვნა დააკმაყოფილა. ანუ, ირინა დარჩიამ ფაქტიურად აღიარა, რომ არჩევნები თსუ-ს არ ჩაუტარებია და ის რექტორის პროტეჟეა. თსუ-მ ესეც „შეირგო“.
როგორც ჩანს, ქალბატონმა ირინამ იფიქრა რომ „თსუ-ში ყველაფერი მოსულა“, რომ რაკი შარვაშიძის „საძმოშია“ მისთვის გზა ხსნილია და დაიწყო… დაიწყო ის, რაც ადრე, ხუბუას დროს ისწავლა – დარჩიამ არ უღალატა ტრადიციას, რომელიც მწარედ ახსოვს თსუ-ს და ამჟამადაც გადაწყვიტა თავდაყირა დააყენოს თსუ, – აი, რას ამბობენ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები დარჩიას „იატაკქვეშეთში“ „გამოჯეკილ“ ინიციატივაზე!


მორიგი სკანდალი მოაწყო გუდაურში, სადაც 22-23 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია”. კონფერენციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები: ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი, ევროპის საბჭოს ექსპერტი მაიკუდამი, ლიტვის უმაღლესი განათლების შეფასების ცენტრის იურიდიული საკითხების სამსახურის უფროსი, ევროპის საბჭოს ექსპერტი იევავაიც იუკევიჩიენე, ABET (Accreditation Board for Engineering and Technology) ფონდის მთავარი კონსულტანტი ჯოტერ ნერი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ABET-ის უფროსი ოფიცერი მაჯიდ ჰაშემიპური, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ვიცე-დეკანი ჰალილ გუვენი.
აი, ამ „პირად შემადგენლობაში“, კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის, თსუ-ს წარმომადგენელის გამოსვლის შემდეგ, დარჩიამ ხმამაღლა განაცხადა: თსუ ეს მე ვარ, არავის არ აქვს უფლება ჩემს გარეშე, თსუ-ს სახელით ისაუბროს და დაგეგმოს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ეს განცხადება, პირდაპირ ზღუდავს პროფესორის აკადემიურ თავისუფლებას, დარჩიას ეს „აღსარებაც“ „შერგებულ იქნა“, როგორც სტუმრების, ისე მასპინძლების მხრიდან. როგორც ჩანს, მცნება „აკადემიური თავისუფლება“ მავანთათვის მხოლოდ შირმაა და მეტი არაფერი, „დარჩიებისთვის“ სხვათა აკადემიური თავისუფლება, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელია ან და არც სმენიათ ამის შესახებ. კონკრეტულად კი შეგვიძლია ვთქვათ რომ „დარჩიების“ ბედნიერება სწორედ სხვათა აკადემიური თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვაზე გადის! აი, ეს არის უბედურება, რომლის აღკვეთაც თსუ-ს თავის დროზე, „დარჩიების“ გაპეტიშებამდე შეეძლოთ.
ახლა, როცა, დარჩიამ „შეიმუშავა“ პროფესურის შერჩევისა და შეფასების წესი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია თსუ-ს ოთხი ფაკულტეტისთვის დაგადაწყვიტა თვითნებურად შეცვალოს ხარისხის უზრუნველყოფის დებულება, რომელიც უკვე შეტანილი აქვს აკადემიურ საბჭოზე დასამტკიცებლად, თსუ ხმამაღლა მაინც არ აპროტესტებს უკანონობას!თუ აკადემიური საბჭო მორჩილად მიიღებს რექტორის ფავორიტის გადაწყვეტილებას, დარჩიობანაისევ გაგრძელდება! და, როცა პროფესურას კარზე მიუკაკუნებენ, უკვე გვიანი იქნება ხმის ამოღება. ისინი „ევროპისათვის გასაოცარი დემოკრატიის“ სახელით აღმოჩნდებიან დერეფნებიდან უნივერიტეტის ეზოში, უნივერსიტეტის ეზოდან კანცელარიასთან, კანცელარიიდან სასამართლოში და სასამართლოდან სახლში!
აი, ასე აუხდებათ დარჩიას სამართალი დედა-უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს…

 

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს მინდა ვუსურვო ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება
შემდეგი სტატიადღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება