ვიქტორ დოლიძე : ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 8, 2017 13:45

ვიქტორ დოლიძე : ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მექანიზმები აქვს საქართველოს გამოავლინოს და უკან დააბრუნოს საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევენ.

ვიქტორ დოლიძის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი და თვისობრივად განსხვავებული თანამშრომლობა აქვს „ევროპოლთან“.

„იმ ადამიანების, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში და ზოგიერთი მერე არა შენგენის ზონით ან სხვა მიმართულებით ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან, ყველას იდენტიფიცირება ვერ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პირველი 6 თვის სტატისტიკა გვაქვს და ეს სტატისტიკა დამაიმედებელია. რაც ყველაზე მთავარია, არ არის საგანგაშო და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვმუშაობთ მომავალი კამპანიის დაგეგმვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით, რათა ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები, თავშესაფარი არ უნდა მოითხოვონ, ვინაიდან საქართველო არის უკვე უსაფრთხო ქვეყანა და არ უნდა შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ამიტომ, მე ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს და ეს პროცესი თუ ისევე გაგრძელდა, როგორც წარიმართა აქამდე, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი მობილურობის გაზრდას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 8, 2017 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics