ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე – ღარიბაშვილი თუ ჟორჟოლიანი

ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე - ღარიბაშვილი თუ ჟორჟოლიანი

რა საიდუმლო შეხვედრა გაიმართა „ოცნებაში“ და ვინ თქვა მაჟორიტარობაზე უარი

 

xaribashvili-jorjoianiროგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ამ დღეებში, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებთან დაკავშირებით ბოლოს წინა შეხვედრა გამართა, თუმცა აღნიშნული თავყრილობა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სრულიად გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ ინფორმაცია მარტო რამდენიმე ადამიანს ჰქონდა.

„წესით და კანონით, ამ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტლება უნდა მიეღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება სიაში და ვინ დასახელდებიან მაჟორიტარებად, მაგრამ რატომღაც ისევ კონსულტაციის რეჟიმში დარჩნენ. მთავარი განხილვის საგანი, როგორც მე ვიცი, ისაა, სიაში ყოფილი პრემიერი შეიყვანონ თუ არა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელსაც „ოცნებასთან“ არაპირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა ბევრ „ოცნებელთან“ მეგობრობს.

ამასთან, წყარო ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო სიაში შეყვანის საკითხი შეიძლება, ბოლო წუთს გადაწყდეს და ეს ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს დიდი კარიერისთვის ამზადებს. იმის შესახებ პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამ არჩევნებზე ყოფილი პრემიერი შეიძლება, არ გამოჩნდეს და მისი ფიგურა წინა პლანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს წამოიწიოს, ანუ ის „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, მაგრამ ამას გარდა, როგორც მე მაქვს ინფორაცია, იმაზეც მიდის ლაპარაკი, რომ სიაში შეიყვანონ და მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთ კანდიდატზე არის ლაპარაკი და ის გია ჟორჟოლიანია. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, თუ გახსოვთ, უკვე გითხარით, რომ ჟორჟოლიანს ასეთი ამბიცია ჰქონდა. ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა მომავალ სპიკერზე ჰკითხეს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მერწმუნეთ, „ოცნებაში“ უსუფაშვილის შემცვლელს ეძებენ და ამ კუთხით ყველაზე აქტიურად ღარიბაშვილის და ჟორჟოლიანის კანდიდატურები განიხილება.

ზოგადად, შეიძლება, ვინმემ თქვას, ჟორჟოლიანი რა სასპიკერო კაციაო, მაგრამ ჯერ ერთი, მის უკან პარტია დგას, „სოციალ-დემოკრატების“ სახით, მეორეც, ჟორჟოლიანი ინტელექტუალის შთაბეჭდილებას ტოვებს, ივანიშვილს კი, ასეთი ხალხი მაგრად ევასება,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს „თაიმერის“ წყარო, რომელიც დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიაში ღარიბაშვილის შეყვანა საბოლოოდ გადაწყდა, ამით პოლიტიკური „რასკლადი“ შეიცვლება.

„პარლამენტის თავმჯდომარეობის ამბიცია, ჩემი დაკვირვებით, შეიძლება, ირმა ინაშვილსაც ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ის მარტო ფრაქციის თავმდჯომარეობას რომ არ დასჯერდება, ფაქტია და შეიძლება, მინიმუმ, რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეობა მოინდომოს. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცლებულ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „პატრიტები“ ბარიერის ზღვარზე არიან, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ისინი ბარიერს გადალახავენ და ახალ პარლამენტში 10-12 კაცით იქნებიან წარმოდგენილები.

ახალ პარლამენტში, ასევე, იქნება ნინო ბურჯანაძე, ოღონდ ის არჩევნებში დამოუკიდებლად, ალბათ, არ გამოვა და კოალიციას, სავარაუდოდ, თამაზ მეჭიაურის და გოგი თოფაძის პარტიებთა შექმნის.

ზოგადად, მეჭიაურის მიმართ ხალხში თითქოს სიმპათია არსებობს, მაგრამ ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ დამოუკიდებლად არჩევნებში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. ამიტომ, მოკავშირეების ძებნას დაიწყებს და ამ ეტაპზე, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბურჯანაძესთან დაბლოკება იქნება. იგივეს ვიტყვი გოგი თოფაძეზეც, რომელსაც „ოცნებასთან“ პოლიტიკური თანამშრომლობა, შეიძლება, უნდა, მაგრამ ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ეს მისი პოლიტიკური გუნდისთვის წამგებანია.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, ალბათ, ისე მოხდება, რომ „პატრიოტებს“ „ოცნებასთან“ თემატური უმრავლესობა ექნებათ. ზოგადად, ივანიშვილი კი უარყოფს, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალი პარლამენტი და, შესაბამისად, მთავრობაც კოალიციური იქნება.

შეიძლება, ვიღაცებს არ ესიამოვნოთ, მაგრამ ამ არჩევნებში ბარიერის გადალახვას თავისუფლად შეძლებენ „თავისუფალი დემოკრატები“ და ახალ პარლამენტში 8-9 კაცით იქნებიან წარმოდგენილები.

ივანიშვილის არც იმაში ვეთანხმები, რომ ამბობს, „ნაციონალები“ 5 პროცენტსაც ვერ მოაგროვებენო. „ნაციონალებს“ ამის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ აი, გიორგი ვაშაძე და „გირჩი“ კი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრიდან არასაპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით ისარგებლებენ. ამ ზღვარზე ბურჭულაძეც დგას, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, საარჩევნო კამპანია როგორ წარიმართება,“ – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

ამას გარდა, „თაიმერმა“ იმ ინფორმაციის მოპოვებაც მოახერხა, რომ „ოცნების“ პირველ ათგეულში შეიძლება, რამდენიმე 25 წლამდე ახალგაზრდის გვარი ვიხილოთ, თუმცა ჩვენმა წყაროებმა ამ თემაზე საუბრის დროს აღნიშნეს, რომ მსგავსი გეგმა ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და შესაბამისად, იმის თქმა ძნელია, „ოცნება“ 25 წლამდე ახალგაზრდებზე ფსონს დადებს თუ არა.

„თაიმერთან“ საუბრის დროს, ჩვენმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ „ოცნების“ რამდენიმე მოქმედმა დეპუტატმა, რომელსაც მაჟორიტარობა ისევ შესთავაზეს, ამაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ გამსვლელ სიაში ჩაეწერათ.

„ასე უფრო მშვიდად იქნებიან და ზედმეტი ნერვიულობა აღარ მუწევთ“, – აღნიშნეს ჩვენმა წყაროებამ.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეწყერის გამო გზა ისევ ჩაიკეტა
შემდეგი სტატიასაქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და მათთან როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან იურთიერთოს