ვინ აჩუქა ვანო ზარდიაშვილს 100 ათასი დოლარი და რა თანხად შეიძინა 4 ბინა ერთ წელიწადში

საქართველოს პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ოჯახის საკუთრებაში 6 ბინა და კომერციული ფართია. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული. დეკლარაციის თანახმად, 6-ვე ბინის 100%-იანი მფლობელი ვანო ზარდიაშვილია, ხოლო კომერციულ ფართს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა ფლობს.

კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს, ვანო ზარდიაშვილმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე 4 ბინა შეიძინა. თითოში 20 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინების ფართები 49.00 – 49.00 კვ.მ-ია.

გარდა ამისა, ვანო ზარდიაშვილს ბინა 2013 წელსაც აქვს შეძენილი – თბილისში, რთველაძის #1-ში, რომელშიც 105000,00-დოლარი აქვს გადახდილი და მისი ფართი 160,00 კვ.მ-ია.

ზარდიაშვილს კიდევ ერთი 117,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბახტრიონის ქუჩაზე 2011 წელს 90000,00-დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება კომერციულ ფართს, ზარდიაშვილის მეუღლემ თინათინ აბრალავამ ის 2017 წელს 30000,00-დოლარად შეიძინა. 60,00 კვ.მ ის კომერციული ფართი თბილისში, ჩოლოყაშვილი #2-ში მდებარეობს.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილმა გასულ წელს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის პოსტიდან -7 თვის განმავლობაში (01.01.2016 01.08.2016) 60566,00 ლარი მიიღო.

მისმა მეუღლემ, თინათინ აბრალავამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან – 50200,00 ლარი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სადაც ის ლექციებს კითხულობს – 7200,00 ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განავსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილს 2015 წელს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, სადაც ის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო 73566.00 ლარი მიუღია. 2014 წელს ამავე თანამდებობიდან – 73411.00 ლარი. ხოლო 2013 წელს – 54899.00 ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს ზარდიაშვილს შემოსავალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტიდანაც აქვს მიღებული 5000.00 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება 2012 წელს, ვანო ზარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან – 25578.00 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის მოადგილის პოსტიდან – 5397.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2017 წლის 29 ივნისს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვანო ზარდიაშვილს “თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2500,00 ლარი, ხოლო თინათინ აბრალავას რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2000,00 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ვანო ზარდიაშვილმა საკუთარი ავტომანქანა 6000,00 დოლარად გაყიდა.

გარდა ამისა, შემოსავლის გრაფაში ასევე აღნიშნული აქვს, რომ მამისგან, გელა ზარდიაშვილისგან მან 100000 დოლარი საჩუქრად მიიღო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გელა ზარდიაშვილს ეს თანხა ბინის გაყიდვიდან მიუღია.

ვანო ზარდიაშვილის სახელზე ერთი, 110000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხია, რომელიც მას 2016 წლის ნოემბერში აუღია და ბანკისთვის გასულ წელს 107 000,00 დოლარი გადაუხდია.

წყარო:  “გურია ნიუსი”

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ შეცვლის ხალხის მიმართ დამოკიდებულებას ხალხი ქუჩაში გამოვა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს