(video)ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია და დაგვიანებით მოახდინა რეაგირება – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს არა იმ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმის ფაქტებს სჩადიოდნენ, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას და იმ დროს, როდესაც მათი სოლიდარობის განცხადებები გაჟღერდა, ადგილზე ვანდალიზმის ნიშნები ჯერ არ არსებობდა. ამის შესახებ ნიკა მელიამ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„რას გულისხმობდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა გუშინ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეზინის ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში და როდის მოხდა – ეს მოხდა მაშინ, როდესაც, რეალურად, დაახლოებით 40-50 ადამიანი იყო შეკრებილი. იქ არანაირი ვანდალიზმის ნიშნები არ შეინიშნებოდა ჯერ, არანაირი მანქანები არ იწვოდა, არავითარი მინები არ იმსხვრეოდა და ნამდვილად ცარიელ ადგილას სპეცრაზმის მიერ დარბევას ჰქონდა ადგილი. და აი ამას გამოუცხადა, მშვიდობიან მოსახლეობას. პროტესტი, რომელიც დაიწყო დაახლოებით 5 თუ 6 საათზე. ამას ეხებოდა ეს სოლიდარობა და არა იმ ხულიგნებს და ვანდალიზმის ჩამდენებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ამ დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ცრემლსადენ გაზს უშვებდნენ და სწორედ მაშინ გაუჩნდათ მათ სოლიდარობის გამოხატვის სურვილი.

მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია და დაგვიანებით მოახდინა რეაგირება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატია(video)კახა კალაძე საზოგადოებას ერთსულოვნებისა და სამოქალაქო შეგნებისთვის მადლობას უხდის