(video) რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა, სირიაში დაიღუპა

VERTMFR-RUSსირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე, მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი სირიაში, რუსული მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს, როცა ის უახლესი რუსული სამხედრო ვერტმფრენით Ми-35-ით სამხედრო დავალებას ასრულებდა.

Ми-35-ის (Ми-24-ის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც ღამით მოქმედება შეუძლია, – ლ.ბ.) ჩამოგდების კადრები “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეოპორტალებზე და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ხაბიბულინთან ერთად კიდევ ერთი რუსი სამხედრო ინსტრუქტორი ევგენი დოლგინი დაიღუპა. ვერტმფრენი პალმირას სიახლოვეს, სავარაუდოდ, „დედამიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

პოლკოვნიკი ხაბიბულინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. მაშინ ის ვიცე-პოლკოვნიკი იყო. ის ასევე, მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და ჩეჩნეთის ორივე ომში.

რუსი მფინავი კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა. მისი დაღუპვა დაადასტურა და სამძიმარი გამოთქვა კრასნოდარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა „კრასნაია ზვეზდა“ პოლკოვნიკ ხაბიბულინზე უამბობს საზოგადოებას და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მის მოქმედებებს იხსენებს:

„… ძირითადი ჯგუფის წამყვანმა ხაბიბულინმა Ми-8-ით, ორი Ми-24-ის საფარქვეშ დაიწყო მოწინააღმდეგის ავტომაგისტრალის დაზვერვა, რომელიც გორისკენ მიემართებოდა. გადმოსხა რა ჯგუფი საიერიშო მეთოდით, ხაბიბულინმა აფრენა განახორციელა და საბორტო იარაღიდან გახსნილი ცეცხლი მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებისკენ მიმართა, რითაც სადაზვერვო ჯგუფი მოწინააღმდეგის ცეცხლისგან დაიცვა“.

აქვეა აღწერილი საქართველოს სხვა ქალაქში მომხდარი შეტაკებაც:

„2008 წლის 11 აგვისტოს 58-ე არმიის დანაყოფები შინდისისკენ მიიწევდნენ. დანაყოფთა გადაადგილებას საარტილერიო ბატარეა უჭერდა მხარს. მოულოდნელად მოტომსროლელების მიმართულებით ერთ-ერთი სიმაღლიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს.

ვიცე-პოლკოვნიკმა ხაბიბულინმა, რომელიც იმ დროს ჰაერში იმყოფებოდა, შეამჩნია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი და მისი ჩახშობა გადაწყვიტა. მან მიზანში ამოღების საწინააღმდეგო მანევრი ჩაატარა, საბრძოლო პოზიციაზე გავიდა და უმართავი რაკეტით ზუსტი გასროლა მოახდინა“.

ამასთან ერთად, „კრასნაია ზვეზდა“ აღწერს ხაბიბულინის მონაწილეობას ჩეჩნეთისა და აფხაზეთის ომებში.

რუსეთ საქართველოს შორის ბოლო პერიოდის ყველა ომის ვეტერანი რუსი მფრინავი რიაფაგატ ხაბიბულინი, რომელიც სირიაში ჩამოაგდეს, ასევე მისი მეწყვილე, ლეიტენანტი ევგენი დოლგინი სიკვდილის შემდეგ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.

 

https://youtu.be/n06OnSyQNzk

banner
წინა სტატიაშიპარიზში პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს, სადაც საფრანგეთის ნაკრებია გაჩერებული
შემდეგი სტატიათეთრი სახლი აშშ-სა და ნატო-ს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს