(+ვიდეო) ISIS–ის ერთ–ერთი ლიდერი მურად მარგოშვილი თურქეთის ტერაქტებთან კავშირს უარყოფს

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, თურქეთის ტერაქტებთან ISIS–ის კავშირს უარყოფს. მურად მარგოშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ არაბულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ერთ-ერთი არაბული ჟურნალი წერს სიცრუეს და მოგვაწერს ტერაქტებს თურქეთში. იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩვენზე სიცრუეს ამბობს, ყველას გაჩუმება შეუძლებელია, ჩვენ ამასაც არ მივაქცევდით ყურადღებას, თუმცა საქმე ეხება იმ ეროვნებას და ხალხს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მათ ვუმადლით ბევრ რამეს. ამიტომ თურქებს რომ არ გაუჩნდეთ არანაირი ეჭვი, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვომობთ მოსახლეობასთან, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მით უმეტეს, მუსლიმურ დასახლებასთან. ალაჰმა დაგვიფაროს უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრისგან. რაც შეეხება თურქეთს, ჩვენ არ დაგვვიწყებია და არ დავივიწყებთ, რა გაგვიკეთა თურქმა ხალხმა, როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა.

დღეს, როცა დანარჩენებმა დაივიწყეს, თურქები განაგრძობენ ჩვენ დახმარებას და მხარდაჭერას. ჩვენი ეს ძმური ურთიერთობა ერთი ან ორი წელი კი არ გრძელდება, არამედ საუკუნეები. ისინი გვეხმარებიან არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა იმას, ვისაც მათი დახმარება სჭირდება, მსოფლიოს მასშტაბით; პირველ რიგში კი, სირიის მოსახლეობას, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან. მხოლოდ ყველაზე ცუდებს შეუძლიათ ამ ყველაფრის დავიწყება და იმის გაკეთება, რაც მოხდა სტამბოლის აეროპორტში.

როგორც ჩვენ ვიცით, ცუდ ადამიანებს არც სამშობლო აქვთ, არც ეროვნება, არც ღირსება. თუ ჩვენ ასეთებს ჩვენ შორის აღმოვაჩენთ, დაუყოვნებლივ დავსჯით ისე, როგორც შარიათის კანონი გვეუბნება. ამიტომ ყველას, ვინც დასკვნებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკეთებს და წერს იმას, რაც თავში მოუვა, ვურჩევთ, რომ თუ თქვენ ალაჰის არ გეშინიათ, თქვენი იმიჯის გამო მაინც ნუ იტყუებით.

მივმართავ თურქეთის მოსახლეობას: ჩვენ, მუსულმანები, ერთი ჭკუისები ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ამიტომ თქვენი უბედურება ჩვენი უბედურებაა, თქვენი დარდი ჩვენი დარდია. ჩვენ თქვენთან ვართ ჭირში და ლხინშიც. ალაჰმა შეინდოს დაღუპული მუსულმანები. ალაჰმა მისცეს მოთმინების უნარი მათ ახლობლებს. ალაჰმა გვაჩუქოს გამარჯვება მის მტრებზე“, – აღნიშნავს მარგოშვილი ვიდეომიმართვაში.

მურად მარგოშვილი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტს „საერთაშორისო ტერორისტთა“ სიაში ჰყავს შეყვანილი. იგი 1972 წლის 26 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ დუისშია დაბადებული. მარგოშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების ლეგიონს, „ჯუნუდ ალ-შამს“ მეთაურობს.

მიმდინარე წელს თურქეთში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელთა შორის ათათურქის აეროპორტის ტერაქტს ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=O2lTJpE5590&feature=youtu.be

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ევროპარლამენტს ტერორიზმის პროპაგანდაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიზე: ჩვენთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს დაპირება შევასრულეთ