(ვიდეო) ეს იყო ნეპოტიზმი – ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის კომპანიისა და მერიის ურთიერთობაზე

განსხვავებულმა აქცენტებმა დოკუმენტური მასალები მოიპოვა, სადაც საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემის დოკუმენტები, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე, რომლის თანახმადაც, მას თბილისის ცენტრალურ უბანში 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა გადაეცა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტში ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფლობს შ.პ.ს. ბიესარსიდიჯის 100 პროცენტს, რომელსაც 2016 წლის 15 აპრილს თბილისის მერიამ მზიურის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ნუცუბიძის ქუჩაზე გადასცა 5515 და 2302 კვადრატული მეტრის ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საბაზრო ღირებულება 365 ათას ლარს შეადგენს.

ამას გარდა, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ფარცხალაძემ იყიდა მომიჯნავე 3 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაშიც მილიონამდე ლარი აქვს გადახდილი. დოკუმენტში არ ჩანს, რომ ამ მიწის საყიდლად იპოთეკა და გირავნობა არის გამოყენებული.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი.

ასევე, ოჯახმა ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელასა და წავკისში მდებარე მიწის 4 ნაკვეთი შეიძინა.

განსხვავებულ აქცენტებში ლაშა თორდიამ გუშინ ღამის კლუბ ელ ცენტროში მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა. ის მომხდარში ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.

„შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ აგრესიულად მომმართა, თუ რატომ ვაგროვებდი მის წინააღმდეგ კომპრომატებს, რას ვაპირებდი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ ვაპირებდი ცხოვრებას, რაზეც მივუგე, რომ ეს მისი საქმე არ იყო და საერთოდ რატომ მელაპარაკებოდა ამ ტონალობით და ფორმით, რაზეც მისი თანმხლები პირი ძალიან აღელდა და უფრო მეტი აგრესიულობით მომმართა, როგორ ვუბედავდი საუბარს. ერთ-ერთმა მესამემ პირმა, მგონი, მარჯვენა მხრიდან დამარტყა პირველმა, ეს გადაიზარდა მასიურ ჩხუბში, ეს 5-6 ადამიანი მირტყამდა ყველა მხრიდან,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა მოხდა ელ ცენტროს შენობის შესასვლელის მიმდებარე ადგილას. მისი განცხადებით, ადგილზე ბევრი თვითმხილველი იყო.

ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირდება. აუდიტის სამსახური მუშაობს ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემაზე, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე.

ლაშა თორდიამ მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობაზე ისაუბრა. თორდიას თქმით, ამ ეტაზე ეს იყო ნეპოტიზმი და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა.

„ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ. მისი აზრით, მის თავდასხმაზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

„ალბათ, მომავალში კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს. ეს არის წმინდა სამსახურებრივი სამუშაოსთან დაკავშირებული პრეცენდენტი,“ – განაცხადა თორდიამ.

https://youtu.be/dpBu5t-bK-c

banner
წინა სტატიაშისაქართველო არჩევანის წინაშე – ენერგოდამოუკიდებლობა თუ ენერგოდამოკიდებულება?!
შემდეგი სტატია(video) ივანიშვილი, კალაძე და ფარცხალაძე კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ