(video) ექსკლუზივი:გახდება თუ არა სოფელი მუჟავა მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი

სოფელი მუჟავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აფხაზეთის ოკუპირებულ სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება. ისეთი მთაგორიანია, რომ მხოლოდ სოფლის ცენტრში, რამდენიმე კვადრატული მეტრზეა ვაკე. სულ ათასი ადამიანი ცხოვრობს (2002 წლის აღწერით, სოფელში სულ 455 ადამიანი იყო), საშუალო სკოლაში ასამდე ბავშვი დადის. ჩვინარეს და ოხაჩქუეს მთების ძირშია გაშენებული, მდინარე ოლორზე, ენგურის მარჯვენა შენაკადზე. სოფლის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 360 მეტრია, ყველაზე მაღალი კი ოხაჩქუეს მთაა – 1970 მეტრი ზღვის დონიდან. მიუხედავად მთაგორიანობისა, რომელიც არც თუ იშვიათად მეწყერებს და ზვავებს იწვევს, კლიმატური და ბუნებრივი გარემოებისა, მუჟავას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არა აქვს, თუმცა საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ არ გამორიცხავს მუჟავას ტიპის სოფლისთვის ამდაგვარი სტატუსის მინიჭებას.

ისევე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში (და, ალბათ, ისევე, როგორც საქართველოს უმეტეს სოფლებში), მუჟავაში გზა არ გაკეთებულა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე (ან, უფრო მეტიც) – ახლა თითქოს დაიწყეს აღდგენაზე საუბარი, რომელიც ადგილობრივებს ბევრად გაუუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს. „აქ ისეთი ჰაერია, იმდენი მთა და წყაროს წყალი, ხალხს ოდნავ მეტი შემოსავალი რომ ჰქონდეს და გზა გაკეთდებდეს, რაც გარკვეულ დონეზე სოციალურ სტრესს მოხსნის, ადამიანები უკვდავები იქნებიან“ – ამბობს ჩემი პოლონელი სტუმარი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ადგილი დავათვალიერეთ და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას ვერ მალავს, ამბობს, რომ ყველაზე მეტად მუჟავა მოეწონა.

მუჟავას ეტიმოლოგია რამდენიმე თქმულებას ეფუძნება. ერთი მათგანით, სოფელში მესაქონლეობას მისდევდნენ. ერთხელაც, უცხო მგზავრმა გაიკვირვა „მუზმა ბჟა რენია“ („მუ ბჟა“). მეორეთი – „ბჟა“ „მზეს“ უკავშირდება – როგორი მზეაო (მეგრულ ენაში მზეს და რძეს ერთი სიტყვა „ბჟა“ აღნიშნავს).

ლ. (პოლონელი სტუმარი) საქართველოზე საუბრისას ძალიან ხშირად მუჟავაზე ლაპარაკობს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, რაც სხვაგან (სხვა ადგილებში, რომელიც მოვინახულეთ) არ მომხდარა: სოფელში ვიყავით, ხალხი გავიცანით, სუფრათან ვისხედით, ვისაუბრეთ, სიყვარულით შეგვხვდნენ, სიხარულით გვმასპინძლობდნენ, მაგრამ იქ რაღაც სხვა ხდებაო – ამბობს. სხვა, ანუ, სპირიტუალური. ვახსენებ, რომ ის მათემატიკოსია. ზუსტი მეცნიერებები და მისტიკა როგორ უთავსდება ერთმანეთს – ვეკითხები. ჯერ არ ვიციო – მპასუხობს ჩვინარეს გზაზე, სადაც ორივე მხრიდან მთებია აღმართული. იქვე ენგურჰესის კომპლექსის ერთი ნაწილი ჩანს, რომელსაც სპეციალური სამსახური იცავს, როგორც სტრატეგიულ ობიექტს.
თქმულების მიხედვით, ოხაჩქუეს მთიდან ყვირას მთაზე, რომელიც აქედან რამდენიმე კილომეტრშია, ერთმა გაბრაზებულმა დევმა მეორეს ქვა ესროლა. იმ ქვას ახლა „ქუაცანცალია“ (ქვაცანცარა) ქვია (10-12 ტონა ლოდის ერთ წიბოზე თითის მიდებით ქვის მასა მოძრაობას იწყებს და გარკვეულ ხმებს გამოსცემს. როცა ოდნავ დაატან ძალას და ქვას მიაწვები, ის არ მოძრაობს) – ასეთია ამ მიდამოებში დევების ცხოვრებაზე თქმულება – იმას ვიმეორებ, რაც ადგილობრივებისგან ვიცი.
დევებზე ანუ, გოლიათებზე ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკის აღმოჩენის ისტორია ლ-მ კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალში აღმოჩენილი ძვალი, ანალიზის პასუხის მიხედვით, მუტირებულ, დიდი სიმაღლის ადამიანს ეკუთვნოდა, ზაფხულზე ტყე-პარკში ლაშქრობას მაინც გეგმავს. „ორი დღე და ღამე მიდიხარ ტყეში, სადაც ღამე თავს გარეული ცხოველებისგან იცავ – ამ ექსტრიმს ბევრი ტურისტი ეძებს“ – ამბობს.


მუჟავაში პირველი ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სოფლის გამგებელთან და დეპუტატთან ერთად ერთ ადგილობრივ ასაკოვან გლეხს ვხვდები. მას ერთი უცნაური ისტორია აქვს, რომელიც, ასევე დევებს უკავშირდება.
ინდიკო ა. ყვება ისტორიას სამარხზე, სადაც იმხელა წვივის ძვალი ამოთხარა, რომ წელამდე წვდებოდა. მისი თქმით, აკლდამა, თავდაპირველად 70 წლის წინ, ანუ მაშინ ნახა, როცა ის 18 წლის იყო. „ხომ გინახავს საქონლის დახვავებული ძვლები, აი, ისე ეხვავა ადამიანის ძვლები… ისინი პირით მზის ჩასვლისკენ კი არ ესვენა, როგორც ახლა ვასვენებთ მიცვალებულებს, არამედ, პირით მზის ამოსვლისკენ“ – ამბობს. მის მიერ მოყოლილი ისტორიის თანმიმდებრობა ასეთია: ერთხელაც, აკლდამა ადგილობრივი სკოლის დირექტორმა, დომენტიმ ააფეთქა, რომ ბავშვებისათვის ძვლები ეჩვენებინა. ამით, აკლდამა დაიშალა, სავარაუდოდ, დაიშალა და დაზიანდა ძვლებიც. 50 წლის წინ კი, ქალაქ ჯვარში მცხოვრებმა ერთმა რუსმა სთხოვა საფლავის ამოსათხრელად გაყოლოდა – ის, საფლავის სიძველიდან გამომდინარე ვარაუდობდა, რომ იქ ოქროს ნივთებს იპოვიდა. საფლავი ამოთხარეს, მაგრამ ოქრო ვერ იპოვეს და ძვლები უკან ჩააბრუნეს. ბატონი ინდიკო უზარმაზარი ძვლების გამო სამარხს „დევების საფლავს“ უწოდებს. მთელი სოფელი მოგიყვებათ „მაღალი ძვლების“ ისტორიას, თუმცა, მხოლოდ მას აქვს ის ნანახი (სკოლის დირექტორი, რომელმაც სამარხი ააფეთქა, ცოცხალი არ არის).
საღამოს პოლონეთში ვრეკავ. „აი, ხომ ვთქვი, ხომ ვთქვი, იქ რაღაც არის მეთქი“ – ამბობს ჩემი პოლონელი მეგობარი და მთხოვს აუცილებლად მოვინახულო „დევების საფლავი“. თოვლია და მომდევნო დღეებში წვიმებია გამოცხადებული. წვიმებს მთაზე, სავარაუდოდ, თოვლი მოყვება, მაგრამ რამდენიმე დღე ველოდები გამოდარებას და შემდეგ ადგილობრივებთან, ელდარ არქანიასა და სოფლის დეპუტატ დავით ფიფიასთან ერთად ჯერ მანქანით, შემდეგ ფეხით მივდივართ სამარხისკენ.


აქ იმდენი მთაა და ისე ლამაზია. ჯერაც თოვლი დევს გზაზე. „მხოლოდ ერთი აღმართი დაგვრჩა ადგილამდე“ – ელდარი მამხნევებს. დავიღალე. „წყალი უნდა წამოგვეღო“ – ვპასუხობ. „ისეთ წყალს დაგალევინებ, მსგავსი რომ არ გექნება გასინჯული“ – ელდარი ამბობს. ამ გზაზე, რომლითაც ჩვენ ახლა მივდივართ, მთის მანქანები დადიან. გზის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი ღობე ყრია მიწაზე – ადრე აქ ყანა ყოფილა. საიდანღაც ნაჯახის ხმები ისმის – ვიღაცა ხეს ჭრის. კოლხური ბზები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის გაშენებული, დაავადებისგან გამხმარია. „ასეა მთელ ტყეში, ბზები სულ გამხმარია“- ელდარი ამბობს.
ცოტა მეტი ცოდნა რომ მქონოდა ქართული სამარხების ისტორიაში, სავარაუდოდ მაინც დავათარიღებდი პირამიდის ფორმის საფლავს, რომელიც თავდაპირველად აკლდამა ყოფილა (პირობითად, სამარხი N1). მას, ბატონი ინდიკოს თქმით, გუმბათის ფორმა ქონდა, ქვებით იყო აშენებული და მიცვალებულის ჩასასველებელიც ეტყობოდა. საფლავი თეთრი ნათალი ქვებით არის მოპირკეთებული, რომლებიც ერთმანეთთან რაღაც ნივთიერებით არის დაკავშირებული (ცემენტივით). საფლავი, დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეში ცარიელია. აქვე ვზომავთ 2,40/ 1,80 თან, თუმცა, იქიდან, რაც ჩანს, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საფლავი ქვევიდან მაღლა ვიწროვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფლავს უფრო ღრმად უფრო დიდი მოცულობა ექნება. იქვე, დაახლოებით 6-8 მეტრში კიდევ ორი სამარხი ჩანს (პირობითად, N2 და N3). მათ ერთი შეხედვით არ ეტყობათ, რომ ის ოდესღაც განძისმაძიებლებმა გათხარეს, ყოველშემთხვევაში, იგივე მდგომარეობაში არ არის, როგორც N1, მაგრამ ბატონი ინდიკო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „ერთში უფრო მეტი ძვალი დევს, ვიდრე მეორეში“, რაც იმას ნიშნავს, რომ N1-ის გარდა სხვა საფლავიც არის გათხრილი. N2-ის სიგრძეში მდებარობს N3 საფლავი. ირგვლივ ნათალი ქვები ყრია, ზოგჯერ, ერთმანეთზე გარკვეული წესრიგით დალაგებული, რომელიც ნაგებობის ფრაგმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ისინი ერთმანეთთან არანაირი ნივთიერებით არ არის დაკავშირებული. ორი ერთმანეთის გასწვრივ მდებარე საფლავი ამაღლებულ ადგილზეა, N1 მათ კალთაზეა, ანუ ცალკე. აღსანიშნავია ის, რომ სამივე საფლავი იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ადგილი სპეციალურად არის შერჩეული – მათ ირგვლივ წრიულად გაშენებულია კოლხური ბზის ტყე, ხეები დაახლოებით 3-3,5 მეტრისაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი რამდენიმე ასეულ წელს ითვლიან. ბზები უკვე გამხმარია დაავადების გამო. ზუსტად ამ ადგილას, „ბზის წრიული ტყის“ უკან, ფრთის ფორმის მთა, ან მთის ფრაგმენტია. ამ ფრაგმენტის წვერის გასწვრივ ხაზზე მდებარეობს ყველა საფლავი. ამ მთას უჩვეულო ფორმა აქვს – ის ასაფრენად მოქნეულ ფრთებს გავს.


საფლავებამდე არ მისული კიდევ ერთ „ბზების წრიულ ტყეს“ გავდივართ, სადაც ასევე ჩანს ერთმანეთზე დალაგებული ნათალი გრძელი ქვები. ისინი იმაზე დიდებია, ვიდრე ქვები საფლავების ტერიტორიაზე. აქაც უბრალოდ ქვები ალაგია ერთმანეთზე – და ისიც შენობის ფრაგმენტს გავს. მასზე ბზებია ამოსული. ელდარი ამბობს, რომ ამ ადგილების შესახებ ცნობილი მხოლოდ ბზების გახმობის შემდეგ გახდა, რადგან, მანამდე ხეების სიხშირის გამო ტერიტორიაზე შესვლა შეუძლებელი იყო. „სამარხების შესახებ ბაბუაჩემმა იცოდა, იმის იქით არ ვიცი“ – მითხრა.
მზე ჩადის და ადრიანი გაზაფხულის ამ საღამოს, მაშინ, როცა მთები ჯერაც ტიტველია და ხეებს ფოთლები არ გაშლიათ, მთის უკან ჩამავალი და ოდნავ ამოწვერილი მზის სუსტი სხივებიც თანდათან ქრება და დარჩენილი თოვლის სუსხი მატულობს. უკან ვბრუნდებით.
მეცნიერება გოლიათების არსებობას არ ეწინააღმდეგება. მეცნიერებამ ზუსტად არ იცის კაცობრიობის ევოლუციის გზა. რატომ არ უნდა ეცხოვრათ ჰომო-საპიენსის პარალელურად ან მანამდე გოლიათებს? დევის შესახებ ქართულ ზღაპრებში მათ ადამიანური თვისებები აქვთ – დევებს დიდი ძალა აქვთ და სულელები არიან, ანუ, ადამიანები მათ აღწერენ განვითარებით მათზე დაბლა მდგომ, მაგრამ ფიზიკურად დიდ არსებებს, რაც რეალურად ადვილი შესაძლებელია ყოფილიყო (ან, რა მიუთითებს, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო) უბრალოდ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ არ აღმოუჩენიათ მეცნიერებს. ამასთანავე, ჯერ არ აღმოუჩენიათ არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება დამტკიცდეს და განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც დევი ღრმად არის კულტურაში გამჯდარი. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ინდონეზიაში – ლეგენდაში ებუ გოგოს შესახებ ნახსენებია ჰობიტები, პატარა ჯუჯა არსებები, რომლებიც სიმაღლით დაახლოებით ერთი მეტრის არიან და სქელი და ხშირი ბალნით გამოირჩევიან (ასევე, სხვა უცნაური თვისებებით). 2003 წლამდე ეს მხოლოდდამხოლოდ თქმულება იყო, მაგრამ მეცნიერულად დადასტურდა, რომ ჰობიტები 12 ათასი წლის წინ ნამდვილად არსებობდნენ, ისინი სიმაღლით ერთ მეტრს აღწევდნენ და დაახლოებით 30 კილოს იწონიდნენ. რატომ არ შეიძლება, რომ ჰომინიდები გოლიათებად განვითარებულიყვნენ? და თუკი დავუშვებთ, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ სად უნდა ეცხოვრათ მათ, თუ არა იქ, სადაც უძველესმა კულტურამ, თქმულებებმა და ზღაპრებმა ის შემოინახეს, ანუ საქართველოში – ლ. ერთი ამოსუნთქვით მიხსნის.


„ვნახე ფოტოები და ვიდეო, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ძველი დროის რაღაც მნიშვნელოვან ნაგებობასთან უნდა გვქონდეს საქმე. თუ მონათხრობის ავტორებს ვერწმუნებით (საფუძველი არ გვაქვს არ ვერწმუნოთ) გამოდის, რომ ეს ან ცალკე მდებარე აკლდამაა ან რომელიმე სხვა, აწ უკვე განადგურებულ, შენობაში (შესაძლოა ტაძარში) გამართული საფლავი თუ საფლავებია. ყველა შემთხვევაში უაღრესად საინტერესოა” – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი, რომელსაც სამეგრელოს რეგიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბატონი რევაზის თქმით, “აღმოჩენის შინაარსში გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჩატარდეს სადაზვერვო ხასიათის საცდელი საველე-არქეოლოგიური სამუშაოები”, რომლის უზრუნველყოფას რაიონის გამგებელი ბესო ფარცვანია დამპირდა.

„იცი რატომ მომწონს ქართველი არქეოლოგები? იმიტომ, რომ მათ საკუთარი ვერსიების არ ეშინიათ. ბევრი დასავლელი მეცნიერი ამბობს, რომ მაგალითად, უძველესი კოლხეთის ქართული და დასავლური ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება. ამის გამო ისინი ქართველ მეცნიერებში არსებულ ნაციონალიზმზე საუბრობენ, მაგრამ ჩემთვის ფაქტების ანლერნატიული გააზრება, სულაც პირიქითი ნიშანია – დადებითი თვისებაა. ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომ, თითქოს ქართველი მეცნიერებისათვის არაფერი უჩვეულო, მოხდა დმანისის აღმოჩენა. ჰოპ, და ერთი ხელის მოსმით დმანისის გათხრებმა მსოფლიო ისტორია შეცვალა. ჰოდა, არ ვიცით, ახლა მუჟავაში შეიცვლება თუ არა ისტორია. ეს არავინ იცის წინასწარ“ – ამბობს ჩემი პოლონელი მეგობარი.

 

ეკატერინე ლემონჯავა სპეციალურად “თაიმერისთვის”

 

 

banner
წინა სტატიაშიუფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამამაკაცის ფოტო გამოქვეყნდა, რომელმაც ლონდონში თავდასხმა მოაწყო