(video) ელისო კილაძე: ყველა ნარკორეალიზატორი ძალოვანი უწყების ინფორმატორია

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, რეპერების საქმისა და მისი შვილის საქმის იდენტურობაზე საუბრობს. მისი თქმით, მის შვილს, დავით ხარშილაძეს, სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

„გამარჯვება იქნებოდა ის, რომ რეპერები აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ საერთოდ და არა გირაოთი გაეთავისუფლებინათ. გამარჯვება იქნებოდა ის, რომ დღეს იყვნენ პოლიციელები დასჯილნი,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის საქმეში ორი პოლიციელის ჩვენების გარდა არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. კილაძემ აღნიშნა, რომ სისტემური დანაშაულია და კახი კალაძე ამ სიტუაციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ორ საქმეს შორის განსხვავება არის ის, რომ მის მიერ ჩატარებული აქცია და რუსთაველზე გამართული აქცია ხელისუფლებამ განსხვავებულად აღიქვა.

„ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის შვილის მხარდაჭერამ და მისმა სტატუსმა,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება წინა საარჩევნოდ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარებას დაიწყებს.

„ეს ნარკოტიკები ციდან ჩამოფრინდა თბილისში?“ – ელისო კილაძემ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანასა და გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განაცხადებით, ყველა ნარკორეალიზატორი ძალოვანი უწყების ინფორმატორია.

ქრონიკა პლუსის რედაქტორის განცხადებით, მისი შვილის საქმის განხილვა 19 ივნისს გაიმართება და ეს იქნება ტესტი პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის. მისი თქმით, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ძალიან მაინტერესებს, ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი სტატუსის გარეშე მიიღებს თუ არა სასამართლო იმავე გადაწყვეტილებას, რაც რეპერების შემთხვევაში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

https://youtu.be/qLa3qK1tS_w

 

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი მოსკოვს ქაოსის დათესვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესი რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს