(video) „აფხაზეთელი“ ბერძნების წარუმატებლობა ევროვიზიაზე

argoერთი საათის წინ დასრულდა ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი. იგი წარუმატებელი აღმოჩნდა საბერძნეთისთვის. სიმღერამ Utopian Land ვერ მოიპოვა ევროპელი მაყურებლის სიმპათია.
წელს, ევროვიზიის კონკურსზე საბერძნეთი წარმოადგინა მუსიკალურმა ჯგუფმა Argo-მ, რომლის დამაარსებელი და სოლისტი ვლადიმიროს სოფიანიდისი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური ომის დამთავრების შედეგ, მან 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად დატოვა აფხაზეთი და ისტორიულ სამშობლოში გაემგზავრა.
16 წლის ასაკში სოფიანიდისმა დაარსა ჯგუფი Europond, რომელშიც აფხაზეთიდან ემიგრირებული კიდევ რამდენიმე წევრია. „როდესაც შემოგვთავაზეს ევროვიზიაზე გამოსვლა საბერძნეთის სახელით, გადავწყვიტეთ ჯგუფისთვის სახელი შეგვეცვალა და დავარქვით მას Argo. ახალი სახელწოდება ჩვენს ისტორიასთან არის კავშირში, არგონავტებთან, რომლებმაც ქალაქი დიოსკურია დააარსეს თანამედროვე სოხუმის ყურეში. ამის თაობაზე თავად საბერძნეთშიც კი ცოტა ვინმემ თუ იცის” – აღნიშნავს მუსიკოსი აფხაზურ მედიასთან საუბარში.
კონკურსზე წარმოდგენილი სიმღერის ერთი სტროფი შესრულდა ბერძნული ენის პონტურ დიალექტზე. სწორედ ამ დიალექტს იყენებდნენ საუბარში აფხაზეთში მცხოვრები ბერძნები.
სოფიანიდისი ამჟამად ცხოვრობს სალონიკში, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

 

banner
წინა სტატიაშიერევანს ატომური იარაღი აქვს
შემდეგი სტატიაობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ხიროსიმას მოინახულებს