(video) 2016 წელს გალის რაიონში ადამიანის გატაცების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა

2016 წელს გალის რაიონში ადამიანის გატაცების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა, – ამის შესახებ დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.

«თუ შედარებით ანალიზს გავაკეთებთ, 2011, 2012, 2013 წლებში გალის რაიონში ოფიციალურად 6-6 გატაცება აღირიცხა, გასულ წელს – 2. წელს ოფიციალურად ჯერ არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. ამგვარად, ჩვენთან ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე თუნდაც გასულ წელს, როდესაც ორი ტერორისტული აქტი მოხდა. ერთ-ერთი მათგანი – გახმაურებული შემთხვევა ადამიანების გატაცებას უკავშირდებოდა. მაშინ ქართული ტერორისტული დაჯგუფება იქნა ლიკვიდირებული. მეორე შემთხვევა სოფელ რეფში მოხდა, მძევალი გაათავისუფლეს», – განაცხადა ნადარაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, წინა წლებში რაიონში ადამიანის გატაცების ყველა შემთხვევა ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა, რეალურად კი საქმე 16-17 გატაცებამდე მიდიოდა.

«სადღეისოდ არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს – არც რეგისტრირებული და არც არარეგისტრირებული. დღეს გალის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდია რესპუბლიკაში» დასძინა ნადარაიამ. ასევე  ნადარაიამ დღეს დე ფაქტო მთავრობისადმი რამდენიმე წინადადება გააჟღერა, რომელიც, მისი აზრით, ადგილობრივ მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს.

პირველი წინადადება «აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეთა შესახებ» აფხაზურ კანონში იმ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც 1999 წლის ოქტომბრიდან «რესპუბლიკის» ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირებს ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ნადარაიამ განმარტა, სადღეისოდ გალის რაიონის 17 800 მაცხოვრებლიდან მხოლოდ 340-ია «აფხაზეთის მოქალაქე», დანარჩენს საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია.

მისი მეორე წინადადება გალის რაიონის 40 სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლების ტერიტორიული პრობლემების გადაჭრას ეხება.საუბარია ადგილობრივთა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ პრობლემის გადასაჭრელად ნადარაია გამოდის წინადადებით, «გაივლოს საზღვრები და მოსახლეობას კომპენსაციის სახით ნაკვეთები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოეყოს».

გარდა ამისა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან ენგურჰესის იმ თანამშრომლების საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის იდეა გააჟღერა, რომელთაც «საქართველოს მოქალაქეობა გააჩნიათ და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობენ».

«რაიონის ბიუჯეტში პირველად ჩაიდო ენგურჰესის თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადი. და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს. აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ამ საწარმოში 600-ზე მეტი უცხოელი სპეციალისტი მუშაობს და არ იხდის გადასახადს, რომლის ჯამური ოდენობა 3 მილიონ რუბლს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესის სტატუსი უკვე 20 წელზე მეტია, ორმხრივ შეხვედრებზე განისაზღვრება, ამან საგადასახადო პოლიტიკაზე არ უნდა იმოქმედოს», – განაცხადა რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, ნადარაიას თქმით, პრეს-კონფერენციის შემდეგ იგი მიმართავს დე ფაქტო პრეზიდენტს წინადადებით გალის რაიონის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ.

«მისი შექმნისთვის დაბალ ზონაში 7 ათასი ჰექტარი მიწის გამოყოფას ვგეგმავთ. უკვე ჩატარდა გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები. მთავრობის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერა საგრძნობ ბიძგს მისცემს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას», – დასძინა მან.

https://youtu.be/Mo_3CqLd8lw

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის კურსის გამოცხადების წესები შეცვალა
შემდეგი სტატიაამ შემზარავ ფაქტს ხელისუფლება იყენებს ენმ-ის გასანადგურებლად – ოთო კახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე