ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე

როგორც ვიუწყებოდით, 12 ნოემბერს ნაურუს პრეზიდენტი ბარონ დივავეს ვაკა აფხაზეთში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც იგი შეხვდა
სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და “ორ ქვეყანს” შორის ურთიერთების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ამასთან დაკავშირებით, “თაიმერმა” კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.
“ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ნაურუ, ვენესუელასა და ნიკარაგუასთან ერთად, წარმოადგენს იმ გამონაკლის სახელმწიფოებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების სრული იგნორირებით, რუსეთის გავლენითა და ზეწოლით, დღემდე აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოადგინონ და მათ კონტაქტებს შეუწყონ ხელი საერთაშორისო არენაზე, არასდროს იქნება დაშვებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ძალის გამოყენებითა და ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ ე.წ. სახელმწიფოებს. ასევე, რუსეთთან ერთად, სხვა სახლემწიფოები, რომლებიც აღიარებენ და ანვითარებენ არალეგიტიმურ კონტაქტებს ოკუპირებულ რეგიონებთან, მანამ იქნებიან საერთაშორისო წნეხის ქვეშ, სანამ საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს არ აღიარებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ უკანონო ვიზიტთან დაკავშირებით”,– აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარში, რომელიც მან ექსკლუზიურად მიაწოდა “თაიმერს”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება
შემდეგი სტატიაე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის მხარდასაჭერ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა