“ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაიდება თუ არა youtube-ზე რაიმე მასალა, მაშინვე წაშალოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “რესპუბლიკელი”, თამარ ხიდაშელი არ იზიარებს კრიტიკას, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებას ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირება არ მოჰყვა.

ხიდაშელის თქმით, როდესაც youtube.com-ზე ფარული ჩანაწერი აიტვირთა, პროკურატურამ მაშინვე გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უნებართვო განვრცელებას ითვალისწინებს.

“კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი, “რესპუბლიკური პარტია” ამას მაშინვე გამოეხმაურა განცხადებით. ვნახეთ ასევე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების არაერთი განცხადება. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან. ვერ დაგეთანხმებით, რომ ხელისუფლებას მაშინვე რეაგირება არ ჰქონდა”, – განაცხადა ხიდაშელმა “პირველ პრესკლუბში”.

ხიდაშელი აცხადებს, რომ ამის პრევენციას ხელისუფლება ვერ შეძლებს.

“მსგავსი ტიპის დანაშაულების პრევენციისთვის, აუცილებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაში რაღაცნაირად მონაწილეობენ, პასუხისგებაში მიეცნენ და ადეკვატურად დაისაჯონ. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეფექტური ნაბიჯი. რაც შეეხება youtube.com-ზე გავრცელებას, ეს თავისუფალი ქსელია, იქ გავრცელება ყველასთვის შესაძლებელია, ჩვენ ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ, დაიდება თუ არა youtube-ზე რაიმე მასალა, მაშინვე წაიშალოს, რადგან ეს მოითხოვს ხელისუფლების, პროკურატურის, სამართალდამცავი უწყებების განუსაზღვრელ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს. ასე რომ, ამ ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ადეკვატური რეაგირება და არამხოლოდ შემსრულებლები უნდა იყვნენ დაკავებულები, არამედ, ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ამ პროცესს”, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და ადვოკატი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო კიკაბიძე: “მაესტროს” ვერ გააჩერებენ, ვიდრე პირში სული გვიდგას
შემდეგი სტატიაგზის საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა