ვეფხია ბაქრაძის შვილი : მამაჩემი რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, ცხოვრება ყველას დაგვინგრია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს, ბრალდებულის შვილი ლიკა ბაქრაძეც იმყოფება.

როგორც ლიკა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არც მამასთან და არც ადვოკატთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია. ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს“, – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ის მამის პირად ცხოვრებაში არასდროს ჩარეულა.

„მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო.

ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება. მათ პირადში არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ თუნდაც 2014-ში რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. მე პირადად კითხვაც კი არ დამისვამს, რა მოხდა“ – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მომხდარი უკვე ყველას ეხება, მასაც და მის შვილებსაც. ლიკა ბაქრაძის განცხადებით, მას აინტერესებს, რატომ ჩაიდინა ვეფხია ბაქრაძემ ეს ყველაფერი.

„ახლა იმიტომ ვერევი და იმიტომ მაინტერესებს, ბოლომდე ჩავერევი, რომ გავიგო რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს, მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ, რადგან თაკოს წინაშე მართალი ვიყო. თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო“, – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

ლიკა ბაქრაძის თქმით, ის არასდროს შესწრებია მამამისის და მისი მეორე მეუღლის კონფლიქტს, მით უმეტეს ფიზიკურს. ამასთან, როგორც ბრალდებულის შვილი აღნიშნავს, მამამისს გარდაცვლილთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია. გარდაცვლილი თაკო გამრეკელაშვილი წინააღმდეგი იყო დედამისისა და ვეფხია ბაქრაძის ურთიერთობის.

„ამ ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებივარ, ფიზიკურს მით უმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო. გარდაცვლილთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თაკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ვიცოდი, რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით.

იმ დროს ის ადამიანი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ, რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს მის დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. ჩემს თვალწინ იზრდებოდნენ ის ბავშვები. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა“, – განაცხადა ლიკა ბახტაძემ.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატი ვეფხია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, ხოლო პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს, თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა კახაბერ კუჭავას ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: როგორ ყეფენ უძაღლო ქვეყანაში – კატები!