“ველოდები, რომ პრემიერი და პრეზიდენტი არჩევნების თარიღს, რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი მოდელის შესაბამისად, არჩევნების თარიღი პრეზიდენტის და პრემიერის კონსულტაციის შედეგად უნდა გადაწყდეს.

როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილი, რაც შეიძლება მალე გახდეს.

“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2016 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი პარლამენტი წყვეტს პლენარული სხდომების რეჟიმში საქმიანობას. ასე, რომ საშემოდგომო სესია, რომელიც სექტემბერში იხსნება ხოლმე ძალიან ხანმოკლე გამოგვივა. კონსტიტუციის ახალი მოდელით, საპარლამენტო არჩევნების თარიღს ოქტომბრის თვის განმავლობაში განსაზღვრავს პრეზიდენტი, მაგრამ ამას სჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, ანუ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ველოდები, რომ ბატონები ამ საკითხს, რაც შეიძლება ადრე გადაწყვეტენ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით გაიხსნება.

უსუფაშვილის თქმით, თუ, გარკვეული პრობლემები არ იქნება, უმჯობესია, პრეზიდნეტის მოსმენა ყოველთვის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გაიმართოს.

“საგაზაფხულო სესიას პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით დავიწყებთ. როგორც წესი, პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა მოვუსმინოთ, თუ რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ არის. უმჯობესია, მივყვეთ რეგლამენტის მითითებას და სხვა დროსაც, თუ არ იქნება რაიმე გარემოება, პირველი სესია შეიძლება ყოველთვის ასე დავიწყოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: დებატების ფორმატი არის აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პოზიციები დააფიქსირონ
შემდეგი სტატია„მალე დიდი წმენდა დაიწყება!“ – ვის დაიბარებენ დაკითხვაზე