“ვცდილობთ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან”

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობები ღრმა ჩიხიდან გამოიყვანოს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, თუმცა საქართველო პირდაპირ დიალოგს აწარმოებს კარასინი-აბაშიძის ფორმატში.

„გუშინ მოვისმინეთ, რომ რუსეთის მხარე აპირებს, გააუქმოს ან მნიშვნელოვნად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი. რუსეთთან ვცდილობთ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ამის რაღაც პატარა ნიშნები ნამდვილად არის. ასე რომ, სოლიდურად, მშვიდად, ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ საგარეო კურსი. იმედი მაქვს, მომავალ წელს, კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები გვექნება. რუსეთთან ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ დიალოგს, განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს. დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. ეს ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც იციან, თუ რატომ. ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საკითხთან.
სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, მაგრამ თუ იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები ამ თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე, ალბათ, ამ საკითხის განხილვაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ ახლა არა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის მხარე აპირებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. მე ნოემბერშიც მქონდა შეხვედრა ჩემს რუს კოლეგასთან. მისგანაც მოვისმინე ეს, შემდეგ ჩამოვედი. თქვენც მოგიყევით და უკვე გავიდა ერთი თვე და რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა. ამის შემდგომ, ახლა უნდა ამოქმედდეს ახალი სავიზო რეჟიმი და იმედი მაქვს, რომ ეს ახლო მომავალში მოხდება“, – აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

banner
წინა სტატიაშიმერია თანამშრომლებს მოუწოდებს ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – ველოდებით აღიარებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ღია იქნება