ვან გოგის ნახატი 81,3 მილიონ დოლარად გაიყიდა

გამოჩენილი ნიდერლანდელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ფერწერული ტილო “მოხნული მინდორი და მთესველი” (“Laboureur dans un champ”), კრისტის (Christie’s) აუქციონზე გაიტანეს. ნახატმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და მის შესასყიდად კოლოსალური თანხა იქნა გადახდილი – 81,3 მილიონი დოლარი (საწყისი ფასი 50 მილიონი დოლარი). ნახატი კერძო პირმა შეისყიდა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის დასახელება.
ვან გოგი ამ ტილოზე მუშაობდა 1889 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც იმყოფებოდა რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ კლინიკაში. მხატვარი ამ დაწესებულებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც წაეჩხუბა იმ დროის კიდევ ერთ გამოჩენილ მხატვარს – პოლ გოგენს და აფექტის მდგომარეობაში მყოფმა საკუთარი ყურის ბიბილო მოიჭრა. სურათზე გამოსახულია ხედი, რომელიც მხატვრის ფანჯრიდან მოსჩანდა. გოგენთან ურთიერთობის გაფუჭება ვან გოგმა მძიმედ განიცადა. თითქმის 9 თვის განმავლობაში მხატვარს ფუნჯი ხელში არ აუღია.
“მოხნული მინდორი და მთესველი” კრისტის აუქციონზე გატანამდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. კერძოდ, იგი იყო ამერიკელი ფილანტროპის და მეცენატის პერი ბასის და მისი მეუღლის ნენსი ლის საკუთრება, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ.
აღსანიშნავია, რომ “მოხნული მინდორი და მთესველი” არ არის ვან გოგის “რეკორდსმენი” ქმნილება. 1990 წელს მისი ტილო – “ექიმ გაშეს პორტრეტი” აუქციონზე 82,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
13 ნოემბერს ნიუ-იორკში გამართულ კრისტის აუქციონზე სულ წარმოდგენილი იყო 60 სურათი პერი ბასის და ნენსი ლის კოლექციიდან.
ვასილი კანდინსკის ” იმპროვიზაცია ცხენების თანხლებით” გაიყიდა 12,7 მილიონ დოლარად, ხოლო ანრი მატისის “რეგატა ნიცაში” – 16,6 მილიონ დოლარად.
აუქციონზე გაყიდული ყველა ნახატის საერთო ფასმა შეადგინა 479 მილიონი დოლარი.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტში ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო გამოცხადდა
შემდეგი სტატიამოსკოვი კვლავაც განაგრძობს ცხინვლისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას