ვალერი ხაბურძანია: „ღალატს ნამდვილად მაბრალებენ!“

ვალერი ხაბურძანია
ვალერი ხაბურძანია

აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და ბოლოს როდის ნახა პუტინი – ჩაკითხულ-ამოპასუხებული “თაიმერის” ექსკლუზიური ინტერვიუ უშიშროების ექსმინისტრთან.

 

 

იმ დროიდან ვიცნობ, საქართველოს უშიშროების მინისტრი რომ იყო. მერე, „ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა (2003 წლის ნოემბრის მოვლენებს თვითონ აბდიკაციას ეძახის), ერთხანობას, „ვარდოსნებთან“, კონკრეტულად, ირაკლი ოქრუაშვილთან საერთო ენა გამონახა და „ოქრო“ გენპროკურორი რომ გახდა, მის მოდგილედ იმუშავა… მერე, „მიშას ხალხს“ მტრად მოეკიდა, გეზი ჩრდილოეთისკენ, აიღო და იმ დღიდან პრორუსული პოლიტიკის მებაირახტრეა, თან პერიოდულად თავს იმითაც იწონებს, თავის დროზე პუტინი ჩაით რომ გაუმასპინძლდა… მართალია, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, მაგრამ უნდა ვაღიარო: კარგი რესპოდენტია – უცებ ისეთ რამეს იტყვის, სკანდალი გარანტირებულია. მოკლედ, ალბათ, მიხვდით, უშიშროების გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ხაბურძანიაზე გელაპარაკებით, რომელმაც ამას წინათ, „ფეისბუქში“ მომწერა, თუ ინტერვიუ დაგჭირდეს, აგერ, ვარო, თუმცა ეს „აგერ“, ამ შემთხვევაში, მოსკოვია. ჰოდა, შეკითხვები გავუგზავნე და თან გავაფრთხილე, პასუხუბიდან გამომდინარე, ჩაგეკითხებით-მეთქი. რა პრობლემაა, ჩამეკითხე და ამოგიპასუხებო, – მომიგო. ასე რომ, ვალერი ხაბურძანიას ჩაკითხულ-ამოპასუხებულ ინტერვიუს გთავაზობთ.   

 

– აბა, როგორ ხართ, ბატონო ვალერი, როგორ გრძნობთ თავს ჩრდლოეთიდან ამოსული მზის ქვეშ?

– ვანიჩკა, ეს თქვენ ხართ ხან ჩრდილოეთიდან, ხან კი, დასავლეთიდან ამოსული მზის ქვეშ, მე კი, ჩემდა არცთუ სასიხარულოდ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც მზე, დასავლეთში რომ ჩადის, აღმოსავლეთში ამოდის, ან პირიქით.

– ჯერ ერთი, მე ხან ასე და ხან ისე არ ვარ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სულხან-საბას და ილიას გზის, ანუ საქართველოს დასავლური კურსის მომხრე ვარ!

მეორეც, არ მეგონა, თუ ასეთი გულმავიწყი იყავით და იმ ადამიანის ცნობილი ნათქვამის პერიფრაზს ვერ მიხვდებოდით, რომლის ღალატსაც გაბრალებენ…

მესამეც, თუ ასე გაწუხებთ, რუსეთში რატომღა ხართ? მოსკოვში ცხოვრებს ვინმე გაიძულებთ?

– „თქვენ“ კოლექტიური მომართვაა და მათ ვგულისხმობ, მედასვლეთეობა მოდად რომ უქცევიათ…

სულხან-საბა რომ მაგ „დასავლურ“ გაუგებრობაში მოხვდა, მისი მოგზაურობის მოგონებებსა (იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რაც შეიტანა, ისევ ის რომ გამოიტანა) და სიცოცხლის შემდეგი ისტორიიდანაც ჩანს, მაგრამ ილიას დასავლური გზა სად ნახე? რუსეთზე  ბევრი წამიკითხავს, ეტყობა, სტრიქონებს შუა კითხულობთ და მე კი, ბრმა და გაუგებარი ვარ.

რაც შეეხება იმ ცნობილ ადამიანსა და მის ცნობილ ფრაზას (ისე, მოსკოვის სიყვარულს მაგასაც დღემდე აბრალებენ. ასე რომ…), მახსოვს „ჩემო მოხევევ…“

აი, ღალატს კი, ნამდვილად მაბრალებენ და ამას თვითონაც შეუწყო ხელი, მე და, ალბათ, ბევრი ისიც, ვინც იმ მოვლენების კულუარებშია ჩახედული, პირდაპირ ვამბობ: ყველას, ვინც მაშინ მის გვერდით იყო, მან უღალატა და მიიღო რა საკუთარი ხელშეუხებლობის გარანტია, სხვა შეფასებები რომ არ მივცეთ, „წავიდა სახლში“.

საერთოდ, ამ თემაზე საუბარი ფართოდ შემიძლია, მაგრამ ამას ცალკე ინტერვიუ დასჭირდება.

– ბატონო ვალერი, ახალგაზრდა კაცი ხართ, ევროპაშიც ნამყოფი ხართ, აშშ-შიც და, ერთი მაგის ეშმაკი გამხადა, ეს კრემლი რამ შეგაყვარათ, თან ცალმხრივად გიყვართ – ხომ ხედავთ, რუსეთი თქვენზე „სტავკას“ არ დებს და არც კი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში მოგიყვანოთ. მესმის, ვრცელი შეკითხვა გამოვიდა, მაგრამ იმედია, პუნქტობრივად მიპასუხებთ…

– ვანიჩკა, რას ჰქვია სიყვარული? – ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და კიდევ ელარჯი მიყვარს, რუსეთში ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელს ვხედავ! „სტავკების“ დრო კი, წავიდა და ჩემზე, როგორც „სტავკაზე“ დადებულ თამაშს არც ვითამაშებ!

ისე, ცნობისათვის, რუსეთს 2016 წელს „სტავკა“ არა აქვს და, სამწუხაროდ, არც თამაშობს.

აი, ვინც დასავლეთის სახით გათამაშებთ და ვინც „სტავკებადაა“ ქცეული, იქნებ, მათ დაუსვათ ეგ შკითხვა, „ნო მორ ბედს“, როგორც კაზინოში იტყვიან.

– ალბათ, მიხვდით, რომ ამ წუთას „აღარებითი ჩვენება“ მომეცით, რუსეთში სარგებელს ვხედავო. მაგ თქვენმა რუსეთმა დედა მილიონჯერ გვიტირა და თქვენ მაინც სარგებელს ხედავთ?! გადამრევთ, ვალერი ბატონო! სხვათა შორის, ვინ-ვინ და, თქვენ მშვენივრად იცით, რომ შეკითხვების დასმის არავისთან და არასოდეს მომრიდებია!

– პასუხიც არ მომერიდება, ვანიჩკა.

პრობლემა ისტორიის აკვიატებულ წაკითხვაში, ან საერთოდ, არწაკითხვა-არცოდნაშია, ამ შეკითხვის პასუხს შემდეგ „გავხსნი“.

ისტორიას ეპოქალური კითხვა და ანალიზი უნდა.

– ჯერ იმ ასაკში არ ხართ, რომ მემუარები დაწეროთ, მაგრამ მახსოვს, ორი წლის წინ მითხარით, წიგნის დაწერას ვაპირებო. წერა დაიწყეთ, ან როცა დაწერთ, გულწრფელი იქნებით და დეტალურად მოყვებით, სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ როგორ აღმოჩნდით?

– ცნობილი ამბავია, ირაკლი წერეთელმა რომ უთხრა გუმბარიძეს (სხვა ვარიანტებიც არსებობს), „კა-გე-ბე“-ს აგენტი ხართო და მან რომ უპასუხა, „კა-გე-ბე“-ს გენერალი ვარ და აგენტი შენ ხარო. როგორ უნდა აღმოვჩენილიყავი სპეცსამსახურების „გავლენაში“, როცა უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ვარ და ყველაფერი საფეხურ-საფეხურ გამივლია. მართალია, ოპერატიული სამსახურით არ დამიწყია, მაგრამ ეროვნული სპეცსამსახურების საკანონმდებლო ბაზა, სხვებთან ერთად, ჩემი შექმნილიცაა და ახლაც მოქმედია. შეკითხვა არაკვალიფიციურია, არ გეწყინოს!

– იმდენი წელია, გიცნობთ, რაღა უნდა მეწყინოს, თან თქვენ არ გეწყინოთ და, ამ პასუხშიც გაგეპარათ „ლაფსუსი“ – გენერალ-ლეიტენანტად არ დაბადებულხართ. ესეც რომ არა, აღიარებთ, რომ ოპერატიულ სამსახურში არ გიმუშავიათ. ჰოდა, სწორედ მაგას გეკითხებით, ეგრევე გენერალ-ლეიტენანტი როგორ გახდით? სხვათა შორის, მხედველეობაში ქართული კი არა, მეზობელი, უფრო სწორად, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურები მქონდა, ანუ კიდევ არაკვალიფიციურად რომ არ მოგეჩვენოთ, დაგინკონკრეტებთ: რუსული სპეცსამსახურის თვალთახედვის არეში როდის და როგორ აღმოჩნდით?

– ეს „აღიარებთ-აღიარებთ“ რაღაც საეჭვოდ აიკვიატე, დაკითხვაზე ვარ? და რა, მერე, მინისტრობამდე ოპერატიულ სამსახურში რომ არ მიმუშავია? მინისტრობის დროს ვეწეოდი აქტიურ ოპერატიულ და ანალიტიკურ საქმიანობას და „თადარიგში“ მყოფი ექსპერტები აქ ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ!

მეორე, გენერალ-ლეიტენანტი ეგრევე არ გავმხდარვარ, უშიშროებაში თადარიგის უფროსი ლეიტენანტი მივედი, ვადაზე ადრე ორი წოდება მივიღე და თანამდებობრივადაც ყველა საფეხური გავიარე. ასე რომ, გენერალ-ლეიტენანტის რა გითხრათ და, ზოგიერთებივით პირდაპირ მინისტრად ნამდვილად არ დავბადებულვარ.

– …ამ „ოცნებამ“ ყველა, ან თითქმის ყველა, ვინც „ნაციონალებმა“ ჩარეცხეს, დაიხლოვა და რაღაცნაირად დააწინაურა, თქვენ კი, მიშას მსგავსად, „ოცნებააც“ არ გწყალობთ. რაშია საქმე, რატომ არავის „ევასებით“?

არც მე „მევასებიან“. ასე რომ, ბარი-ბარში ვართ.

ისე, შენგან გამკვირვებია ეს ნახევრად რუსული „სლენგი“.

– რუსული „სლენგი“ სპეციალურად გამოვიყენე, ვიფიქრე, დასავლურ „სლენგს“ ვერ გაიგებს-მეთქი…

– ნუ „სლენგაობ“, თუ კაცი ხარ… რუსულიც ვიცი, დასავლურიც, შავიც და ცისფერიც.

– ახლა, დემაგოგიას არ ვიყოთ, აი, დასავლეთი რა ცუდიაო, კონკრეტულად გეკითხებით და კონკრეტულად მიპასუხეთ: საქართველო გიყვართ?

– ჩემი სამშობლო საქართველო მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ არ მომწონს! ვინც კითხვა იცის, გაიგებს!

– სამშობლოს „ზოგჯერ არმოწონება“ რაღაც ახალი მიმდინარეობაა? ჰოდა, თუ გიყვართ, მინიმუმ, უხერხულობას თუნდაც იმის გამო არ გრძნობთ, რომ 200 წელია, რუსეთმა ჩვენს ქვეყანას უამარავი ტკივილი მიაყენა და უამრავი ადამიანი შეიწირა? ახლა, არ თქვათ, 9 აპრილის ღირსებიც ვიყავითო…

– ვანიჩკა, ეს ან ჟურნალისტური ხერხია, ან გულუბრყვილო პრიმიტივიზმი, 200 წელი ბევრი პრობლემაც იყო და ბევრი წინსვლაც, ამიტომ, შეკითხვის ასეთ ტონზე ღრმა წიაღსვლას ვერ გავაკეთებ. ისე, 1 800 წელია… აშშ-ში მონობაა, ინდიელებს ანადგურებენ, ინგლისი საშინელი კოლონიზატორია, ქართლელებს კახელების დაწყევლა არ მოუხსნიათ, იმერეთ-სამეგრელოში ტყვეთა ყიდვაა, ყველაფერი შედარებითი და ფარდობითია. ტკივილი უნდა გვახსოვდეს, მაგრამ უმადურობაც ცუდი თვისებაა და თუ რამ არ გამოვიყენეთ, ისევ ჩვენ ბედოვლათობას დავაბრალოთ, თუმცა იყო პერიოდი, როცა ამ ურთიერთობებში რუსეთ-საქართველოისა იყო ურთიერთგაგება და სარგებელი, კლასიკოსებიდან ილია გეყოფათ, პოლიტიკოსებიდან – სტალინი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გამსახურდია.

– სულაც არ მიკვირს, სტალინი რომ ახსენეთ, აი, ის კი მართლა მიკვირს, პროდასვალური პიარის ელემენტებს ოსტატურად რომ იყენებთ, თუმცა მაინც გულუბრყვილოდ გამოგდით!

ჰო, მართლა, „აი-დი“ ბარათი გაქვთ და თუ გაქვთ, არ გეშინიათ, ეშმაკი დაგეუფლოთ?

– საჯარო რეესტრს უნდა ვუჩივლო – საიდან იცი, რომ „ჩიპიანი“ ბარათი ავიღე? ადამიანებო, ვისაც მობილური ტელეფონი გაქვთ, ეგეც თქვენი „ჩიპია“ და ნუ ასულელებთ ამ ხალხს, ტექნიკურ პროგრესს ვერ დავემალებით!

– ჩივილი არ დაგჭირდებათ, რამეთუ „ჩიპიანი პასპორტის“ გარეშე საქართველოს საზღვრებს ვერ გადალახავდით! გარდა ამისა, ხალხს მე კი არა, თქვენი მოძმე რუსეთუმეები ასულელებენ!

– არ იცი, პასპორტში კი არა, „აი-დი“ ბარათში მაქვს ჩიპი და ძალიანაც კარგად გადალახავ!

– 2004 წელს, თუ არ ვცდები, „ნაცების“ გენპროკურორის, ანუ ოქრუაშვილის მოადგილე იყავით და იმაზე, რაც სულხან მოლაშვილს დამართეს, წესით, პასუხისმგებლობას უდა გრძნობდეთ. არადა, თავის დროზე თქვენ და ცხონებული სულხანი მეგობრებად ითვლებოდით…

– ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა… მაგ პერიოდში მე და სულხანი კანონიერი ქურდის, „კოხიას“ გასვენებაში, დამთხვევის გამო, ერთად მივედით და მათ, გუშინ რომ ჩემი სამსახურები იყვნენ, ცნობა დაწერეს, ხაბურძანია და მოლაშვილი ქურდის გასვენებაში ერთად მოვიდნენო.

– თქვენი „სამსახურები“ რას ნიშნავს?

– უშიშროების გარე მეთვალყურეობას… იქ უმეტესობა ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო.

– და ქურდის გასვენებაში რა გინდოდათ?

– გარდაცვლილის ოჯახის წევრთან ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ… ვერ გავარკვიე, სულხანი იქ როგორ მოხვდა, მაგრამ ესაა მთავარი: მეგობრობის არც მას ეშინოდა და არც მე მეშინია.

დანარჩენს ახლა არ და ვერ ვიტყვი.

– რატომ ვერ იტყვით? რას მალავთ? თან სხვა რამე გკითხეთ და მიპასუხეთ: იმაზე, რაც სულხანს დაემართა, პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა?

– მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზურა აბაშიძე იყო, მე, ზურა და სულხანი უშიშროების საბჭოში ერთად ვმუშაობდით… ზოგადად, პროცესებზე, „ვარდების რევოლუციას“ რომ ეძახიან, სინანულის გრძნობა მაქვს, მაგრამ ვანიჩკა, შენი  გულმავიწყობა იქეთ უნდა ვამხილო – შევარდნაძემ, როგორც თქვითონ თქვა, სააკაშვილს ხელისუფლება ლანგარზე მიართვა და ამ ლანგარზე ბევრის, მათ შორის ჩემი და სულხანის თავიც იდო. დანარჩენი უფლის და მიგდებულ-მიტოვებული ხალხის პირად პრობლემად იქცა.

სულხანი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და მისი ტრაგედია გათავისებული მაქვს, აი, პასუხისმგებლობას კი, მე ნუ ამკიდებ, ვისაც მოსათხოვია, იმისთვის მოგეთხოვათ და მოსთხოვეთ, ამ ტრაგედიის აქტორები ცნობილია.

– უცხოობაში გადიდკაცებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი არ გირჩევიათ – ასე ხომ უფრო შეხვალთ ისტორიაში? საერთოდ, რას იტყვის ისტორია თქვენზე, ხაბურძანია პატრიოტი იყოო?

– რას ჰქვია, გადიდკაცებული? რუსეთში ჩვეულებრივი დონის ბიზნესჩინოვნიკი ვარ, კერძო და არა – სახელმწიფო სექტორში, შვეიცარულ ფირმაში.

– შვეიცარიულ ფირმაში მუშაობთ?

– არა, რუსულში, რომელსაც შვეიცარელი დამფუძნებელი ჰყავს.

საქართველო თავისუფალიაო და სად ხედავთ მისთვის ბრძოლას? იქნებ, სხვებმაც გააკეთონ იმდენი, რაც მე გამიკეთებია და კი ბატონო, ვახლი თავს თბილისიდან 35 კილომეტრში მყოფ რუსულ ტანკებს, მაგრამ ჯერ თქვენი გაკაწრული შუბლი მანახეთ (ზოგადად და თუ გინდა, კონკრეტულადაც ვამბობ) და მერე ჩემ გატეხილ თავს ნახავთ!

– რკინის ლოგიკა გაქვთ, ბატონო ვალერი, რკინის – აბა, რა, ჯერ სხვისი გაკაწრული თავი უნდა ნახოთ?!

– და ვანიჩკა, თავად ჯერ შენსას ნახულობ? არ გინდა, ეს იქედნური ჩაკითხვები…

–  მგონი, გაბზარდით!..

ლევან ვასაძეს იცნობთ და თუ იცნობთ, მის იდეებს, მაგალითად, იმას, რომ ლიბერალი ამორალური სიტყვაა, იზიარებთ?

– ლევან ვასაძეს ფიზიკურად არ ვიცნობ, ანუ არ შევხვედრივარ, ლიბერალი რასთან გააიგივა, ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ოჯახის, განათლებისა და ექსტრემისტული ლიბერალიზმის შეფასებაში აბსულიტურად ვეთანხმები!

– გასაგებია…

წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრეთ?

– არ გამომდის, ფული არ მაქვს, „ნაციონალებმა“, ბიძინამ და ბურჭულაძემ ძალიან გააძვირეს ეგ ყველაფერი, რა ჯობდა ჩვენ დროს – დეპუტატობა იაფად, ანაც სრულად უფასოდ…

– ვაიმე, რუსები ასეთი „ჟმოტები“ არიან, რომ კაპიკებს გაყვედრიან? რაო, თქვენს დროს დეპუტატობა იაფი ღირდა? მაშასადამე, პოლიტიკურ კორუფციას აღიარებთ?

– რა აგიტყდა ეს აღიარება, რა, არ იცი, რომ დეპუტატობა ფული ჯდება? ზოგი ხარჯავს, ზოგიც იხდის კონკრეტულ პარტიაში. მე არ და ვერ ვიყიდე ეგ დეპუტატობა. მომავალში ვნახოთ, თუ თამაშის იგივე წესები დარჩა, რაიმეს მოვიფიქრებ.

– სულ მინდა, გკითხოთ და მავიწყდება: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ბოლოს როდის ნახეთ? ის ამბავი აღარ მომიყვეთ, ადამის დროს ერთად ჩაი რომ დალიეთ…

– ბოლოს რამდენიმე დღის წინ, ტელევიზორში ვნახე.

– ტელევიზორში კი არა, პირისპირ როდის ნახეთ, პირისპირ?

– რა ნიუანსური ინტერესია?!. არ გეტყვი. 30 წლის შემდეგ მემუარებში წაიკითხე, მით უმეტეს, დაწერაში თანადგომა აღმითქვი.

– ისე, თუ ატყობთ, ამ „ძირძველ“ რუსეთუმეებს კონკურენტები გამოგიჩნდნენ – პატარ-პატარა ჩრდილოეთური პარტიები სოკოებივით მრავლდებიან. რა ხდება, ეს რამე ახალი რუსული სტრატეგიაა, რომ ამ გზით საარჩევნოდ, ქვეყანაში რუსული ფული შემოვიდეს და პარლამენტში ეს პატარ-პატარები“ მოხვდნენ თუ კრემლს მყარი დასაყრდენი ვერ უპოვია და ერთგვარი კასტინგი აქვს გამოცხადებული?

– სოკოები, ალბათ, 10-20 უნდა იყოს და ჩამომითვალე 5 მაინც… უტრირებთ და „მგელი მოდის“ პოლიტიკას ეწევით.

– ბურჯანძე, ხაჩიშვილი, მეჭიაური, თოფაძე… აღარ გავაგრძელებ!

– აჰა, 5-იც ვერ ჩამოთვალე, ეგ ბოლო ორი  პროდასავლური საკანონმდებლო ინიციატივების მხარდამჭერი ხომ არ იყო მთელი 4 წელი? ნინო ბურჯანაძე კი, ნამდვილად ვიცი, იმ ავადსახსენებელი „ვარდების აბდიკაცია-რევოლუციის“ დროს ამერიკელების ფავორიტი იყო. ყველაფერი ცვალებადი და ფარდობითია.

რუსული კაპიკიც არ იხარჯება, ვიღაცა თუ თავის ფულს ყრის, კისერიც უტეხია! კასტინგი კი, დიღომში მოიკითხეთ, თან შიშველი, ვანიჩკა, სრულიად შიშველი.

– რა იცით, რომ რუსული კაპიკიც არ იხარჯება? დიღომი, ალბათ, იმიტომ გაგახსენდათ, რომ კასტინგზე იყავით და დაგიწუნეს, არა?

– რა მაქვს, ვანიჩკა, დასაწუნი და როდის აქეთ გახდა ამერიკული კასტინგი შენთვის დასაცინ-დასაძრახი?

–  და დაიცნვა სად ნახეთ?..

გამორიცხავთ, რუსეთი და აშშ, ფარულად, შეთანხმებულ პოლიტიკას რომ ატარებდნენ? იცით, ამას რატომ გეკითხებით? – ისეთი პირი უჩანს, რომ ორპოლუსიანი სამყარო, ანუ საბჭოთადროინდელი სტატუს-ქვოს აღდგენა აშშ-ს, სხვადასხვა მიზეზის გამო აწყობს. ჰოდა, ერთხელაც რომ აღმოაჩინოთ, კრემლი და თეთრი სახლი ძმადნაფიცები არიან, თქვენი და თქვენნაირად მოაზროვნეები კი, უბრალოდ, ამ დიდი თამაშის პაიკები იყავით, მინიმუმ, არ „გაგიტყდებათ“?

– არ გამიტყდება…

მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან და თუ მაგ ზღაპრის გჯერათ, თქვენ არ გაგიტყდებათ?.. ისე, დიდი ეშმაკი ვინმე ხარ.

– რისი მჯერა და რისი – არა, ამაზე სხვა დროს გეტყვით, ახლა კი, შეკითხვას ვსვამ და ნუ ცდილობთ, თავი აარიდოთ!

თქვენი, როგორც უშიშროების ყოფილ მინისტრის მთავარ წარმატებად და წარუმატებლად რას მიიჩნევთ?

–  წარმატებად პანკისს, წარუმატებლობად – აშშ-ის გავლენის პირებისათვის  ზედმეტ დათმობასა და ეკონომიკური ბერკეტების არქონას, რასაც შევარდნაძის უნიათო აბდიკაცია მოჰყვა!

– წეღანაც გითხარით, შევარდნაძის ღალატს გაბრალებენ-მეთქი…

– ამაზე უკვე „ამოგიპასუხე“.

–  სხვა თვალით რომ შეხედოთ, ვალერი ხაბურძანია, როგორც პოლიტიკაში ჩართული სუბიექტი, მოგწონთ?

– ისე რა… სიბილწე და სიბინძურე აკლია.

– მერე, გაბინძუდით, ხელს რა გიშლით?

– არ გამომდის კარგად.

– ყველა ადამიას თავისი ღირსება და პრინციპი აქვს. თქვენი ღირსება და პრინციპი რა არის?

– ღირსება მაინც ქრისტიანობა მგონია, პრინციპებიც იქვე დევს.

– ფული გიყვართ?

– არ მძულს, მაგრამ არც მიყვარს.

– ივანიშვილის მრჩეველი რომ იყოთ, რას ურჩევდით?

– საქართველოში სერიოზული ეკონომიკური ფორუმის მოწვევას, რეალურ სამოქმედო პროგრამას და ძირს კოჰაბიტაციას!
– როგორ გეტყობათ, რომ მოსკოვის იქით ვერაფერს ხედავთ – ორიოდ კვირის წინ, ივანიშვილის მოწვევით, ეკონომიკური ფორუმი გაიმართა!

– ჰო, მოსკოვთან შეათანხმა – იქაც ხომ იყო პეტერბურგის ფორუმი!

ვაგრძელებ: ნუ გეშინიათ დასავლური დიპკორპუსის და „ნაციონალების“, რადგან ყოველგვარი უმსგავსობა მათგან და მათი მხარდაჭერით მომდინარეობს.

– როგორ გგონიათ, ხალხი თქვენზე რას ფიქრობს?

– ზოგი ასე, ზოგიც – ისე, მაგრამ ქუჩაში თავისუფლად დავდივარ, დაცვის გარეშე და მე-14 წელია, მცირედი კონფლიქტიც არ მქონია! აბა, გუშინდელნო და დღევანდელნო,  ქუჩაში ჩემთან ერთად გამოიარეთ.

– ბოლოს, რამე ძალიან სერიოზული ეკსკლუზივი მითხარით…

– ჰოდა, იმას გეუბნებოდით, პუტინთან ვიყავი, კაბინეტში, როცა ბრექსითის საკითხი გადაწყდა – დიდი ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან და მას საქართველო ჩაანაცვლებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრად ინიშნება ისტორიკოსი მასხარაშვილი, რომელიც მერე, ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ინიშნება და კრემლის ნანგრევებზე აღმართავს სააკაშვილის 5-ჯვრიან დროშას და რუსებიც დაისვენებენ, ევროპაც, აშშ-ც და ჩვენც. უბრალოდ, გადასაწყვეტია, 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს რუსეთში გამართული დაერქვას თუ ევროკავშირში, დედაქალაქით ხაშურში… ჰო, ამ დროისთვის მასხარაშვილს საქართველოს დედაქალაქი ქვეყნის შუაგულში აქვს გადატანილი, უსაფრთხოების მიზნით.

– არ დაგიმალავთ და, ერთობ უკბილო ხუმრობა გამოგივიდათ, თუმცა რას დავეძებ, როგროც გინდათ, ისე იხუმრეთ! ასე რომ, დასავლეთში შეხვედრამდე, ვალერი ბატონო!

– არადა, კბილები სულ ჩაკიწკიწებული მაქვს და რატომ გგონია, რომ იმ დასავლეთში შეშფოთებულ-აღშფოთებული დავდივარ?!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: “ქართული ოცნება” ხალხის მხარდაჭერით, აბსოლუტური უმრავლესობით მოვა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი დიდი სურვილია, გაჩნდეს პროექტი Learn in Georgia