ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში ბიძინა კუჭავას მეუღლე და “საქართველოს ხმის” დირექტორი დაკითხეს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში, ბრალდებულ ბიძინა კუჭავას მეუღლე და “საქართველოს ხმის” აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კუჭავა დაკითხეს.

როგორც მამუკა კუჭავამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეკითხვები ბიძინა კუჭავას საქმიანობას უკავშირდებოდა.
“ბიძინას ირგვლივ იყო მხოლოდ საუბარი. არაფერი მკვლელობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ეს, რა თქმა უნდა, ისე ვიცი, როგორც თქვენ. შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს – რადიოში რა ურთიერთობა ჰქონდა, სად იჯდა, იყო თუ არა ჩვენთან და ასეთი დეტალები აინტერესებდათ. სხვა არაფერი”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

ამასთან, მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოკლული პროკურორი ვახტანგ ქირია და მკვლელობაში ბრალდებული, ასევე გარდაცვლილი ბიძინა კუჭავა ნათესავები იყვნენ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიუსელდორფის პოლიციამ 40 მიგრანტი დააკავა
შემდეგი სტატიანათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება