უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება,თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარების ორი გზა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ალბათობით ცოფით გარდაცვალების შემთხვევებს გამოიწვევდა. მისი თქმით, უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა.
„შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე ადამიანი ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც – ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი, არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.
„ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც“, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა: ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის მთავარი მტკიცებულება დაანგრიეს