უსუფაშვილი: შესაძლოა, ივნისში პრეზიდენტი გადადგეს, როცა საკონსტიტუციო კომისია ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივნისში გადადგეს.

როგორც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.

„მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა, მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს.

პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური “ოცნებური კონტროლის” ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, “ქართული ოცნების””გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს. შესაბამისად, თუ “ქართულმა-ოცნებამ” ერთპიროვნულად”გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

„რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, ქართველ ხალხს მიმართოს, “ოცნება” გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შესაძლებლობას, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ “თქვენი” პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი, ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, “ოცნებამ” შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება“, – აცხადებს პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი.

კითხვას – უსაუბრია თუ არა პრეზიდენტთან მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებაზე, უსუფაშვილი უარყოფითად პასუხობს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი სცენარი რეალურია.

„პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია. ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი ავტობუსები N51 მარშრუტზე გავიდნენ
შემდეგი სტატიაგაზის ფასი საშუალოდ, 20 თეთრით გაიზარდა