უსინათლო ბავშვთა პანსიონში, დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა- ომბუდსმენი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 12:42

უსინათლო ბავშვთა პანსიონში, დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა- ომბუდსმენი

უსინათლო ბავშვთა პანსიონის მოზარდებთან და პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა- ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებში. სახალხო დამცველმა უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა
“საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა. სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს.
სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას.
პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები.
მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული.
კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის დასახელებულ ფაქტს, ხოლო ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას” ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics