“უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში”

რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “ბილტმორში”, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტის კომპეტენციები მხოლოდ ორ ნაწილში გადაისინჯება.

“პირველი არის ის, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც ეფუძნება თავის დროზე ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს. ისინი 2010 წელს პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ამ სისტემასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს. რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. არის სრული აღრევა უფლებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამბობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები თავის დროზე, რომ არ იყო თავსებადი უშიშროების საბჭო მთლიან მმართველობის სისტემასთან. მეორე ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი. დღეს პრეზიდენტი წარადგენს მოსამართლეს და აქაც იგეგმება ამ უფლებამოსილების გადატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, აქაც შავით თეთრზე ეწერა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ უმჯობესი იყო ამ კომპეტენციის სწორედ ამ სახით მოწესრიგება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მათ არ უნდათ დევნილების რეგისტრაცია იმიტომ, რომ მერე ძალიან ბევრი გახდებიანო “- დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა