უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება.

‘’ორი დღის წინ, პანკისის ხეობაში ღამით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, ხელისუფლებამ საძინებელ ოთახში მყოფი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ბრალეულობის ჰიპოთეტური არსებობის შემთხვევაშიც კი აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საფრთხეს არ ქმნიდა და საკუთარ სახლში ეძინა.

სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება.

პანკისის სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია პასუხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელსაც ქართული საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები სვავენ. ეს გარემოება აძლიერებს ვერსიას, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას კურირებდნენ სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, ხოლო პანკისის ოპერაცია არის მთავარი კითხვებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

როგორ შეძლეს 2012 წელს გათავისუფლებული ჩატაევის ჯგუფმა საქართველოს ოფიციალური საზღვრის გადმოკვეთა?
როგორ მოახერხეს ტერორიზმში ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიის შეუმჩნევლად და დაუბრკოლებლად გამოვლა?
როგორ შეძლეს მათ თბილისის ცენტრში ბაზის მოწყობა სამხედრო აღჭურვილობის შეტანა?
რა როლი და პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში სამთავრობო და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობისავე მტკიცებით სუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა შეიარაღებული ჯგუფის წევრთა მოქმედებებს.

ენმ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააყალბოს გამოძიება, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო მოქალაქეებზე და პანკისის ხეობის მოსახლეობისგან ხელოვნურად არ შექმნას მტრის ხატი.

უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, რაც მხოლოდ ოკუპანტ რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს’’ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისამშენებლო ობიექტზე დაშავების მორიგი შემთხვევა ბათუმში
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა – მის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს