ურეკი – ფეკალიებით სავსე ზღვა და სასმელი წყალი!

ზოგისთვისთვის ზურა ძიაა, ზოგისთვის მხოლოდ ზურა, ბევრი კი „ულვაშას“ ეძახის. ეს ჩვენი ულვაშააო რომ მითხრეს, „ულვაშამ“ ულვაშებიანად გამიღიმა. საოცრად თბილი ღიმილი აქვს ამ კაცს და საოცრად კეთილი სახე. ჩემი თუ არ გჯერათ ფოტოს დახედეთ (მითითების გარეშე იცნობთ), მეთანხმებით? და მეკითხებით ვინ არისო?
მოემზადეთ, ჩემი თავგადასავალი უნდა მოგითხროთ.
ცხელა. აღმართს ნელა მივუყვები. მანქანა ქვემოთ გავაჩერე, ფეხით გავივლი-თქო ვიფიქრე, მარჯვნივ გაიხედავ და მწვანეში ჩაფლულ, ალაგ-ალაგ მიმოფანტულ სახლის სახურავებს ხედავ, მარცხნივ ტყეა, წინ გზა. მივაბიჯებ ბეტონის გზაზე, მივუყვები აღმართს, სიცხისაგან ლამის გავიგუდო, სამადლოდ ონკანი კი არა, გუბეც არ ჩანს არსად. ვიღაც მაჩერებს, „წყალიი“, – უნდა ამოვიხრიალო და… გადავიფიქრე, რაღაცნაირად შეხედა ჩემს ფოტოაპარატს:
_ გამარჯობა, საით, მეგობარო? , – გამიღიმა, ხელი გამომიწოდა.
_გაგიმარჯოს, – ხელი ჩამოვართვი, – ზემოთ მივდივარ, აქ წყალი სად შეიძლება დავლიო?
_ აქ? გზქაზე? აქ მოსახლეობასაც კი არა აქვს წყალი… ჟურნალისტი ხარ? – შეცვალა უცებ თემა და ფოტოაპარატს ისევ შეავლო თვალი, პასუხს არ დაელოდა, დაასკვნა, – კი, ჟურნალისტი ხარ, ტურისტები აქ არ ამოდიან… დაგრჩათ რამე გადასაღები? აღარ მიაქვს აქედან ბიძინას ხეები, წაიღო ერთი ხე, ხომ გადაუღეთ და აფრიალეთ, ეს რა გააკეთაო? მორჩა „კინო“… ან რას ჩაყევით „საფლავში“ ერთ ხეს, როგორ და რამდენჯერ გადარჩა მოჭრას შემთხვევით, ეს თუ გიკითხავთ. წამოდი, წამოდი, – მოლბა უცებ, – წამოდი.
ერთი მოსახვევის შემდეგ რამდენიმე სპეცფორმიანი ადამიანი შევნიშნე. ჩემმა თანმხლებმა, ერთს, სტაფილოსფერ ფორმაში გამოწყობილ, ჩაფხუტიან კაცს დაუძახა, წყალი მომეცი, სტუმარს უნდა დავალევინოო. იმ გასახარებელმაც – სტუმარს წყალს როგორ დავამადლიო, – მოიტანა. სული მოვითქვი.
_ აი, აქედან წაიღო ხე ბიძინამ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავალთ, გაჩვენებ სად წაიღო. აი, ამ გზით წაიღო. ეს ბეტონის გზა ბიძინამ დააგო. ამ გზამდე აქ ტალახი იყო. ახლა გაიხედე მარჯვნივ, ხედავ რამეს?
_ ვერა.
_ ხმა გესმის?
_ კი.
_ კარგი, გავყვეთ ახლა ამ ხმას.
გავყევით ხმას და უცებ უზარმაზარ ორმოსთან აღმოვჩნდით (ეს სურათიც ახლავს სტატიას). იქ, ფსკერზე, რამდენიმე ადამიანი და ტექნიკა მუშაობდა.
_ ეს ორმო რაა იცი? აქ ხეები რაც იყო ბიძინამ წაიღო და ისე ჩუმად წაიღო, ვერავინ გაიგო. ჰოდა, ახლა აგერ გაქვს ფაქტი…
სიტყვა სიცილის გამო ვერ დაამთავრა. არა, კი არ იცინოდა ხარხარებდა. მივხვდი მაშაყირებდა (სწორედ ეს სიტყვა ესადაგება ჩემს იმწუთანდელ მდგომარეობას).
_ მამუკააა, – ვიღაცას გასძახა, – მოდი, სტუმარი უნდა გაგაცნო.
გამაცნო.
_ წაყევი, – ბეჭზე ხელი მომითათუნა, ჩემმა „ძველმა“ ნაცნობმა, – ხომ გაინტერესებთ ჟურნალისტებს ყველაფერი. ჰოდა, ეს რასაც გეტყვის და გაჩვენებს, ვნახოთ თუ დაწერ, ამისთვის კი არა ხარ ამოსული აქ, მაგრამ მაინც, – ეს თქვა და ქუდი დაიხურა, გზას მაღლა გაუყვა.
_ მე ვერაფერს გეტყვი, – მომიბრუნდა მამუკა, – მე აქ ვმუშაობ და მერე იტყვი, რაკი აქ მუშაობ ამიტომ ლაპარაკობ ასეო. მე მიგიყვან ყველგან, აგიხსნი რა ხდება და მოსახლეობას თავად დაელაპარაკე. ყველგან წაგიყვან, ყველა ობიექტს გაჩვენებ.
_ რა ობიექტს- მეთქი, – გაკვირვებულმა ვკითხე. ჩემზე მეტად გაოცდა. მიხვდა არაფერი ვიცოდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამუკა გავარკვიე რაც ხდებოდა ჩემს თავს, რისთვის მოვედი…
და, ასე გახდა მამუკა ჩემი გიდი ურეკში, ანაკლიაში, განმუხურსა და ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ წალენჯიხაშიც კი. ბევრი რამ ვნახე, რომ არ ველოდი ისეთი, ამიტომ ჩემი მოგზაურობა რამდენიმე ნაწილს მოიცავს. დღეს გთავაზობთ მოგზაურობის პირველ ეპიზოდს:

 

ურეკი – ფეკალებით გაჯერებული მაგნიტიტი!
წვერმაღალას მთაზე უზარმაზარ ორმოში მომუშავეებს ლამის ყველა კუთხიდან გადავუღე ფოტოები და ვიდრე ქვემოთ დავეშვებოდი, მამუკამ (მსხილაძე) ამიხსნა რომ აქ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის რეზერვუარს და კანალიზაციის გამწმენდს აშენებს.
აქვე დავსძენ, მოგვიანებით, უკვე თბილისში ჩამოსულმა, ოფიციალური ინფიორმაციის გაცნობის შემდეგ გავარკვიე, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ 500 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი, რათა საქართველოს რეგიონებში მასშტაბური წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნას ჩატარებული. ურეკში, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 78 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ეს ისაა, რაც წყალმომარაგების კომპანიის საიტზეა გამოქვეყნებული. ჩემი თვალით დანახული ისტორია კი ასეთია:
წვერმაღალას მთის ძირას, გაშლილ ველზე, გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. აქ არის უზარმაზარი ორმოები, ბეტონის უზარმაზარი „შენობები“, რაც ზოგან (ობიექტებზე) წყლის რეზერვუარი, ზოგან კი კანალიზაციის მაგწმენდი ნაგებობები აღმოჩნდა.
ორმოებსა და ტექნიკას, ჩაფხუტებიან და სპეცფორმიან მამაკაცებს შორის, მოფუსფუსე ქალი რომ დავინახე, კარგა ხანს თვალს არ ვუჯერებდი. ისეთ დიდ მშენებლობებზე, სადაც ნახევარკილოიანი აგურიც კი არ გამოიყენება და სამუშაო ინვენტარი თუ მასალა, ძალიან მძიმეა, ქალის დანახვა მართლა სიურპრიზი აღმოჩნდა. თურმე აქ ორადორი ქალი, ენი მოქია და კიდევ ერთი ქალბატონი (ზედამხედველი ინჟინრის პოსტზე) მუშაობს. ზედამხედველი ინჟინერი თბილისში იყო წამოსული, ამიტომ მხოლოდ ენის გაგაცნობთ: ენი სუფსაში ცხოვრობს, ის გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ოფიცერია, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. დილით ბავშვებს ბაღში ტოვებს და მშენებლობაზე მიდის: „არა, აქ მუშაობა, ძნელი არაა. უბრალოდ, თავდაპირველად გაუჭირდათ, ჩაფხუტებს მიუჩვევლები იყვნენ დაა… აქ, აუცილებლად, სპეციალური სამოსი უნდა გეცვას და ჩაფხუტი უნდა გეხუროს. თანამშრომლები ყველა საჭირო ინვენტარით არიან აღჭურვილები“. ალბათ მიხვდით, ენი სპეცინვენტარის „გამგებელ-გამნაწილებელია“ და თქვენ წარმოიდგინეთ „რევიზორიც“.
რამდენიმე თვეში აქედან მთელს ურეკს მიეწოდება წყალი. და, ეს იქნება ურეკის არსებობის ისტორიაში პირველად! მიუხედავად იმისა, ურეკი საკურორტო ზონაა, არც კომუნისტური რეჟიმის და არც საქართველოს სხვა ხელისუფლებების პირობებში, ურეკში წყალი ონკანიდან არასდროს მოდიოდა. წესით, მოსახლეობისათვის, რომელთა შემოსავალი, ყველა ეპოქაში, საკურორტო სეზონთან და დამსვენებლების სიმრავლესთანაა დაკავშირებული, წყალი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყო! წყლის გარდა აქ არ იყო გაზი, არ იყო გზა. ახლა გაზი არის, კეთდება გზაც და მალე წყალიც იქნება. რამდენჯერაც არ უნდა ვთქვათ 21-ე საუკუნეა და რაღა დროს ელემენტარულზეა საუბარიო, ფაქტია – ურეკი, ეს მაგნიტიტის უებარი ბუდე, მოკლებული იყო ელემენტარულს.


ობიექტიდან გამოსული მოსახლეობას შევხვდი და პირველი შთაბეჭდილება, იმდენად მძიმე იყო, სიმართლე გითხრათ არც კი ველოდი ასეთ „შეფასებას“. სანაპიროსთან სასტუმრო „გურია პალასი“-ს ლამაზი შენობა დგას. ვიფიქრე მეპატრონეს გავესაუბრები-მეთქი, ადგილზე არ აღმოჩნდა. მენეჯერმა, ქალბატონმა რუსუდან ლაცაბიძემ, კი ისეთები „ჩაატარა“, ასეთი კადრი „ჩაწყობითაც“ კი არ უნდა მიეღოთ წესით, ისე წამოვედი ურეკიდან, ვერ გავიგე, სასტუმროს მფლობელმა რა ნიშნით შეარჩია მენეჯერის პოზიციაზე.
მოკლედ, ქალბატონმა მენეჯერმა განგვიცხადა, რომ თურმე ვერაფერს გვეტყვის, იმიტომ, რომ „ფორმაში არაა“. როცა გაიგო, რომ ტელევიზიიდან არ ვიყავი – აქ ახალი ვარ და არაფერი ვიციო, – მოძებნა გამოსავალი. როგორ წყალი გაქვთ თუ არა, ან კანალიზაცია, ეს არ იცით-თქო, – რომ ვკითხე, – ეგ კი ვიცი, აგერ დათოს (კარგი გვარი აქვს ბატონ დათოს – მართალიშვილი) ქობულეთიდან მოაქვს საკუთარი მანქანით რაც თავი მახსოვსო. ცნობისთვის, სასტუმროში 60 ნომერია, სულ ცოტა 120 ადამიანი რომ ვივარაუდოთ კვირაში, გამოდის, სასტუმროს სამზარეულს სუფთა წყალი რომ არ მოაკლდეს, დათომ მთელი დღე ურეკი-ქობულეთის გზაზე უნდა იაროს. როგორც კი ვკითხე ქალბატონ რუსუდანს, აი, ახლა წყალი და კანალიზაცია რომ კეთდება, ეს ბიზნესისთვის კარგი ხომ არის-მეთქი, – წამოენთო: „ახლა ამ მთავრობის პიარი თუ გინდათ, მე ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი, პოლიტიკურ კომენტარებს არ გავაკეთებო“, – გესმით? წამში „პოლიტიკოსობაზე გაიქაჩა“ ძალად მენეჯერი და თან სიტყვა დამამადლა. გავჩუმდი, ან რა უნდა მეთქვა ამ ქალბატონისთვის? ავს და კარგს ქალი რომ ვერ გაარჩევს, ის როგორი მენეჯერი იქნება, ამაზე იმან იდარდოს, ვინც ხელფასს უხდის.


როგორც ჩანს, ჩემმა გიდმა, მამუკამ, აქამდე ჩუმად რომ იყო, იფიქრა სიტუაცია დაიძაბებაო, ხელი მომხვია და სასტუმროდან გამომიყვანა:
_ არა უშავს… ეს რაა, ერთმა მოსახლემ გვითხრა ჩემი სახლის წინ ქუჩაში ჭას ნუ აკეთებთო, არ მინდა წყალიო. მეც ვუთხარი, დაწერე რომ არ გინდა წყალი, მოაწერე ხელი და პრობლემა არაა-მეთქი, მაგრამ ჭას ქუჩაში მაინც გავაკეთებ და თქვენს მეზობლებს შევუყვანთ-თქო. არ მოეწონა ეს ამბავი, რათქმა უნდა, არ თქვა უარი წყალზე, მაგრამ რამდენიმე დღე სისხლი გაგვიშრო… ათასი ხასიათის ადამიანი შეგხვდება და ყველაზე ხომ არ ვინერვიულებ, რაც მთავარია ვაკეთებთ და თან ძალიან კარგადაც, ქვეყანას ხომ დარჩება, ესაა მთავარი და ვინ რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
სასტუმროდან გამოსულმა იქვე მცხოვრებლებთან შევიარე:
ანზორ კილაძე: სეზონი მოვიდა, ზღვის სანაპირო უკვე დასუფთავებულია, კანალიზაცია, წყალი, გაზი შემოყავთ, ჩემო ბატონო. ეს ურეკს არ ღირსებია არასდროს. მე აქაური კაცი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება გაჭირვებულ დღეში ვიყავით. გაღმა სოფლიდან მოგვქონდა სასმელი წყალი, ან ჭაბურღილებიდან ამოღებულ წყალს ვადუღებდით და ასე ვსვამდით, დაგვადგება საშველი ალბათ ახლა. როცა ინფრასტრუქტურა იქნება მწყობრში დამსვენებელიც მეტი გვეყოლება. დასალევ წყალს როგორმე მოაგროვებ ადამიანი, მაგრამ წარმოგიდგენიათ სარეცხის გარეცხვა? 5 მეტრს როგორც კი ამოთხრი აქ ჭას, უკვე ზღვის წყალი მოდის, მოყვება სილა. მოკლედ, ჩვენ რომ გარეცხილს და სუფთას ვეძახდით, სინამდვილეში გასარეცხი იყო.
ნატო მიქატაძე, ურეკის მკვიდრი:
_ ჩემი ოჯახი, ისე როგორც სხვა ადგილობრივი, მცირე, სეზონური ბიზნესით, ვართ დაკავებულები. მაქვს კაფე, მაღაზია, ვაქირავებ ბინას. სეზონზე საკმარისად ბევრი სტუმარი გვყავს. პირობებს რაც ეხება, ბევრი პრობლემა გვაქვს, გაზის გარეშე შეიძლება იცხოვრო ადამიანმა, მაგრამ შუქისა და წყლის გარეშე ცხოვრება ძნელია. გამოუვალი მდგომარეობა თუა, უშუქობასაც აიტან, მთელი ახალგაზრდობა სიბნელეში არ გავატარეთ? მაგრამ უწყლობა, ეს უკვე მეტისმეტია. საჭმელი რომ გავაკეთოთ წყალი ქობულეთიდან მანქანებით მოგვაქვს. ამ წყალს არავინ სვამს, მარილიანი, ქვიშიანი წყალია. ძირითადად ვყიდულობთ წყალს ან ქობულეთიდან მოგვაქვს. ასევე ძალიან რთული მდგომარეობაა კანალიზაციის მხრივ. სასტუმროები უკიდურეს მდგომარეობამდე იყვნენ მისულები.
_ არც ერთ სასტუმროს არ აქვს კანალიზაცია გაყვანილი?
_ როგორც წესი და რიგია, არც ერთს.
_ არც „გურია პალასს“?
_ ყველაფერი აქვს გაკეთებული, მაგრამ თავისი ჭები აქვს და ამოტუმბვა ხდება.
_ მერე, სუნი?
_ გვაწუხებდა, აქციებიც იყო, ვითხოვდით გაგვიკეთეთ წყალი, კანალიზაცია.
_ ფეკალიები სად მიდიოდა?
_ გაუფილტრავად წყალში.
_ წყლით მოწამვლის ფაქტები თუ გქონდათ?
_ კი, ძალიან ბევრი ბავშვი მოიწამლა ამ წყლით, სხვადასხვა დროს.
_ აი, ამბობენ რომ მალე წყალიც იქნება და კანალიზაციაც გაკეთდება.
_ დამსვენებელიც დაცული იქნება და ჩემს ბიზნესსაც ყველაზე მეტად წყალი სჭირდება. დაახლოებით რამდენი ტონა გვჭირდება წყალი? ბევრი, ძალიან ბევრი.
_ კომუნისტების დროსაც არ იყო?
_ არა. ძირთადად ჭაბურღილების წყლით ვსარგებლობდით. კარგი კურორტია ურეკი და მეტი განვითარება სჭირდება.
დავემშვიდობე ქალბატონ ნატოს და ურეკში ბოლო „პოსტი“ მოვინახულე. სწორედ აქ გავიცანი „ულვაშა“ და მისი მეგობრები. ისე გულმოდგინედ მუშაობდნენ, ისე მოწესრიგებულად, თვალსაც რომ გაუხარდება და გულსაც. წამოსვლისას მარჯვენა დავულოცე და ანაკლიისაკენ გავეშურეთ მე და ჩემი მეგზური…

გაგრძელება იქნება

 

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ ვანის მერიამ ტერორისტებს ხიდი აუშენა
შემდეგი სტატიაკატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გვარდიოლა – მსოფლიოს მიმართავს