უქმდება! – სასჯელაღსრულების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სად მიდიან მინისტრები?!

საქართველოს ხელისუფლებაში დიდი რეფორმები იწყება. არ ვიცით, რამდენად ჯდება ახალი პრემიერის (ჯერ კიდევ კანდიდატის) ინიციატივები რეფორმაში, მაგრამ როგორც ამბობენ, ბახტაძის ინიციატივით, სამინისტროების რიცხვი შემცირდება. საქმე ისაა, რომ სამინისტროების „სეკვესტრი“ ქართულ სინამდვილეში „არ ახალია, ძველია“.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „ახალი საქართველოს“ რეალობაში პირველი ნაბიჯი სწორედ სამინისტროების შერწყმით დაიწყო. პირველ ეტაპზე იყო აღტაცება და ხანგრძლივი ტაში, მოგვიანებით კი მიშამ ისევ მარტივ მამრავლებად დაშალა სისტემა. საბოლოოდ, მივიღეთ ორი სამინისტროთი მეტი, ვიდრე „სეკვესტრამდე“ იყო. ამ კუთხით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ ერთადერთი რამ, რაც სწორად გააკეთა, იყო ის, რომ შსს-დან უშიშროება გამოყო. ამ პერიოდში იქნა გამოყოფილი იუსტიციის სამინისტროდან სასჯელაღსრულების სფერო.
სამინისტროების გაერთიანების იდეა ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილსაც, თუმცა მისი ეს გეგმა ჩავარდა. ბახტაძის მოსაზრებით კი, როგორც ამბობენ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები გაერთიანდებიან. ამ მონსტრს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე აპირებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს დაუქვემდებარონ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამინისტროების გაერთიანების იდეა კვირიკაშვილსაც ჰქონდა. იმჟამად სადავო გახდა სასჯელაღსრულების იუსტიციისთვის მიერთების საკითხი. საქმე ისაა, რომ ევროპულ ქვეყნებში სასჯელაღსრულება იუსტიციას ექვემდებარება, მაგრამ საქართველოში ამ გაერთიანებამ თავის დროზე დიდი გაუგებრობა გამოიწვია.
სასჯელაღსრულების სისტემა მხოლოდ ციხე და პატიმრები არ არიან. სამინისტროს აქვს თავისი სამედიცინო დეპარტამენტი, სამინისტროში შედის პრობაცია. ეს, ერთი შეხედვით, არაფერია, მაგრამ სტრუქტურულად ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს. თუ სასჯელაღსრულებას შეუერთებენ იუსტიციას, მაშინ სამედიცინო ნაწილი უნდა დაექვემდებაროს ჯანდაცვის სამინისტროს, ეს კი ნიშნავს იმას რომ პატიმრამდე ვიდრე მედპერსონალი მივა, ის იუსტიციამ უნდა გამოიძახოს (ასე ვთქვათ), რაც რა თქმა უნდა მეტ დროს წაიღებს, ვიდრე საჭიროა. ასევე დამატებითი პროცედურებია ჩასატარებელი, რომ უშიშროებამ დააკმაყოფილოს იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი მედპერსონალის ე.წ. დაშვების საკითხი. დღეს, პენიტენციალურ სისტემას 600-ზე მეტი ექიმი და ექთანი ემსახურება. ასეთ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ, ერთი შეხედვით, „წინ გადადგმულმა ნაბიჯმა“. ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა სასჯელაღსრულება იუსტიციას შეუერთდება და სად მოაიზრება მინისტრი კახა კახიშვილი.

„თაიმერსათვის“ კანცელარიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი მოიაზრებოდა, პოსტს დავით ბაქრაძე დაიკავებს. ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა, სამშობლოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, „თაიმერის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც „თაიმერის“ წყარო ბიძინა ივანიშვილის პირად მიზნებზე საუბრობდა. წყაროს თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხელისუფლება ისეთი პოლიტიკური ფიგურებით დააკომპლექტოს, რომლებიც გააუმჯობესებენ ამერიკასთან მის ურთიერთობას. „ამერიკელების სანქციების ძალიან ეშინია ივანიშვილს. ამიტომ, უნდა ისეთი პრემიერი, რომელიც ამერიკელებთან წარმოაჩენს კარგად და გააუმჯობესებს მათთან ურთიერთობას. ასევე მას უნდა „პირადი“ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდეს. დიდი ხანია უნდოდა ჯანელიძის მოხსნა და მის ნაცვლად ამერიკაში ელჩის დავით ბაქრაძის დანიშვნა. ორი თვის წინ, როცა ჯერ კიდევ კულისებში იყო, მკაცრი კონსპირაციის ქვეშ შეხვდა დავით ბაქრაძეს“.
რამდენად წარმატებული იქნება ბახტაძის პირველი ნაბიჯი, რომელზედაც ბახტაძის იმიჯია დამოკიდებული? თუ ბახტაძე პირველ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მის მომავალზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. თუმცა, იმ ფონზე, როცა ბახტაძეს ეპატია „ცენტრ პოინტის“ დირექტორის პოსტზე ყოფნა (დირექტორ ბახტაძის და რჩეულიშვილების წინააღმდეგ უამრავი დაზარალებული მართავდა აქციებს),რა გასაკვირია, თუ მისი თუნდაც არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯი კარიერაში წარმატების მაჩვენებელი უფრო იყოს, ვიდრე წარუმატებლობის?

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან ოზურგეთში აქციები დაიწყება
შემდეგი სტატიააფხაზეთში 15 სირიელი და ოთხი ჩეჩენი ოჯახი ჩაასახლეს