უნგრეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედაც რომ დამატებითი არგუმენტია ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ

SAQ“ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატო-ს ან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი დღეს იზოლაცია იქნებოდა. პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ღია ახალი პარტნიორობებისა და ახალი ალიანსებისთვის, და სწორედ ახლა უნდა ვიზრუნოთ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოებაზე”-ამის შესახებ უნგრეთის საგqრეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეფასებით, დღეს ევროპული უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რის ფონზეც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებას. პიტერ სიიარტოს შეფასებით ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ უსაფრთხოების ამ სტრუქტურების წევრები, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რადგან დღეს ევროპისთვის საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ “რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გაძლიერდება”.
“უნგრეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედაც რომ დამატებითი არგუმენტია ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ. არასდროს ყოფილა ალიანსების გაძლიერება და მეგობრობის განმტკიცება უფრო დროული, ვიდრე დღეს არის, და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ჩვენი მეგობრები გაურკვევლობაში არ უნდა დავტოვოთ. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს ის ქვეყანაა, რომელიც მზადაა გადადგას მომდევნო ნაბიჯები როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არაა მხოლოდ გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნის ინტერესებში, არამედ ალიანსისა და ევროკავშირის ინტერესებსაც ემსახურება”- განაცხადა პიტერ სიიარტომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშიკრამერი: რუსეთმა ჯავრი შეიძლება საქართველოზე იყაროს
შემდეგი სტატიარუსეთში, სადაც ასობით ადამიანი თევზაობდა, ყინული შუაზე გატყდა