კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს – თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ, განმარტება გააკეთეთ

უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მიღწევაა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ლევან კობერიძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გიორგი გვიმრაძის მხრიდან და საჭიროა, რომ მან განმარტება გააკეთოს.

„ეს ფრაზა საერთოდ საიდან დაიბადა, ძალიან მაინტერესებს. ამაზე რომ გააკეთოთ კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო თქვენი მხრიდან, თურმე აქ უმრავლესობას რაღაც არ მოსწონს საინფორმაციო გადაცემებში. საერთოდ არ უხსენებია არავის მსგავსი რამ და ეს საიდან მოიტანეთ, საიდან გააჟღერეთ? ძალიან გთხოვთ, ამაზე განმარტება გააკეთოთ. განმარტება გააკეთეთ თქვენს მოსაზრებაზე”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი გვიმრაძემ ლევან კობერიძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თავად მოსწონს თუ არა, როგორ აშუქებს მაუწყებელი ახალ ამბებს.

„თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ… რაც თქვენ გააკეთეთ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, უმრავლესობის დეპუტატები, ფაქტობრივად, დაადანაშაულეთ იმაში, რომ რაღაც არ მოგვწონს თურმე და თურმე მიგიღწევიათ მიზნისთვის. დააკონკრეტეთ თქვენი გამონათქვამი”, – განაცხადა კობერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა
გვიმრაძის განცხადებით, მისი მიზანი ვინმეს დადანაშაულება კი არ ყოფილა, არამედ ქვეყნის მიღწევად თვლის, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

“არავინ არაფერში არ დამიდანაშაულებია. მე ვთქვი, რომ ქვეყნის მიღწევა მგონია, თუ უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს. ჩემი აზრით, ეს მიღწევაა”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში,,პენსიის ოდენობა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 50-60% მაინც, ანუ 500-600 ლარი”
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი – არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი