“უკვე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

“მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება”,- აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

banner
წინა სტატიაში“ამ ტიპის დეკვალიფიკაციას “ნაციონალური მოძრაობას” ვულოცავ“ – დავით ბერძენიშვილი ანა დოლიძეზე ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ეს არის ქვეყნის ღალატი“ – აკაკი მინაშვილი ანა დოლიძეს პასუხობს