მე უკვე წამართვეს სამშობლო, ოჯახის წევრები, მეგობრები, სახლი, გთხოვთ ნუ წამართმევთ იმედსაც

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

თუბა ჩაბუქი აღნიშნავს, რომ კარგად ესმის, რამდენად რთულია გაუმკლავდე თურქეთის წნეხს, თუმცა სჯერა, რომ სიმართლე იზეიმებს და ვერაფერი მოახდენს გავლენას სამართლიანი სასამართლოზე. „თაიმერი“ თუბა ჩაბუქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული, ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება. ჩემი, ჩემი შვილებისა და მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღასრულოთ სამართლიანობა. მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა. დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა. ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენსკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა და ამ იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, თქვენს განაჩენს. მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი, რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა, მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დღეს, ალბათ, თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარედ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა – ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა, გააგრძელებს კიდეც თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.

ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი, ქალი, რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია – არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება! ეს კი ჩვენი ოჯახის განადგურების ტოლფასია! მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი, გთხოვთ ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული შვილები… გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამიანებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას – პედაგოგი და საქართველოს – მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა!“, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი ამანათების ქურდობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა