უკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი სამხედროს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

პატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინის სახალხო დამცველ ვალერია ლუტკოვსკას შეხვდა.

შეხვედრას ვიცე-პოლკოვნიკის ადვოკატი, ცერცვაძის მეუღლე და უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ესწრებოდნენ. უკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი სამხედროს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცერცვაძემ აღნიშნა, უკრაინის სახალხო დამცველი მის საქმეს მონიტორინგს გაუწევს მანამ, სანამ უკრაინის გენერალური პროკურატურა ოფიციალურად არ გააფორმებს დოკუმენტს, რომ რუსეთის მხარისთვის ქართველი სამხედროს გადაცემას არ აპირებს.

„სახალხო დამცველს აინტერესებდა რა პირობებში ვიყავი, რა პირობები იყო იზოლატორში. ომბუდსმენთან საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლომდე მონიტორინგს გაუწევს საქმეს. აგვიხსნა მექანიზმები, რა პირობებშია შესაძლებელი დაიხუროს საქმე და რა შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის სავარაუდო მოქმედება. შეიძლება შეწყდეს ადამიანის გადაცემის პროცესი და უარი ეთქვას, თუ პიროვნებას წამება ან სიკვდილით დასჯა ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

უკრაინაში საქართველოს ელჩის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველი გია ცერცვაძის საქმისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

უკლება განმარტავს, რომ ომბუდსმენის აპარატს გიორგი ცერცვაძის ადვოკატთან მუდმივი კავშირი ექნება.

„გამოძიება გრძელდება. მადლობა ღმერთს, გიორგი ცერცვაძე თავისუფალია, მაგრამ პროცესი მიდის. იურიდიული მხარე აქვს ამას. ამიტომ, უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს ყველა ის ზომა, რომ ექსტრადიციის პროცედურა დასრულდეს და მთლიანად რა საერთაშორისო ვალდებულებებიც აქვს, შეასრულოს. მონიტორინგს განახორციელებენ, ექნებათ მუდმივი კავშირი ადვოკატთან“, – განაცხადა მიხეილ უკლებამ.

სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი ცერცვაძე და მისი ადვოკატები საადვოკატო ოფისში წავიდნენ, სადაც იმ იურიდიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება, რომლის გატარებაც უახლოეს დღეებში იგეგმება. მათ შორისაა, მოლაპარაკებები უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ინტერპოლთან.

banner
წინა სტატიაშიგაასხვისა თუ არა საქართველოს ბანკმა აუქციონის წესით რუსთავის აზოტი?!
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს ტოვებს