უჩა ნანუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო

წამზომი ისევ ჩართულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ეს არ არის დასასრული.

”ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების პროცესს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდნენ და აქვთ საერთო პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან მიმართებაში, მოსმენებთან დაკავშირებით.

„ასევე საერთო პოზიციები გვაქვს მოსმენებთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სარჩელი ერთობლივად წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ხვალ განიხილება. ასევე შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ უნდა მოხდეს უსაფრთხოების სისტემის ძირეული რეფორმა. ამ საკთხთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციები უკვე გვქონდა პარლამენტში. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას, რომ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალების შედეგად მოხდეს კონკრეტული შედეგების მიღწევა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პირდაპირი პოლიტიკური კორუფცია”- ვაშაძე მინისტრების სესხებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეუვალი საკითხია, ამიტომ, ამაზე დისკუსია არ შეიძლება”