”უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო” – აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება (foto)

„11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია.

საქმის მასალები დღეს, 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქცის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს.

კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას. „უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკ გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება…“, – ვკითხულობთ კახა ბუხრაძის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ადასტურებს შეხვედრას კახა ბუხრაძესთან და სატელეფონო კავშირსაც: „შეხვედრაზე ნამდვილად ვთხოვე დაეცვა ადათ-წესები და ადგილობრივი კადრები არ გაეშვა. მანქანის მოწმობაზე არაფერი მითხოვია, რადგან მე არც მოწმობა მაქვს და არც – მანქანა“, – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

რაც შეეხება თხოვნა ტრაილერების გადაადგილებაზე, მერაბ ღოღობერიძის თქმით, პრობლემა კონკრეტულ მოქალაქეებს შეექმნათ და მხოლოდ დახმარება სთხოვა საპატრულო პოლიციის უფროსს.

წყარო: ,,ბათუმელები”

შსს ჯერჯერობით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტრი არ გაუკეთებია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებულ შეთანხმებებს მასკარადს უწოდებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს