წოწორიას ძმის, ვანო მერაბიშვილის და რუსთავი 2-ის საქმეები – პისტოლეტი სამზარეულოში

მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რა დროსაც შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა იარაღი ამოიღეს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება. როგორც ჭიაბერაშვილი წერს, მომხდარი სტრასბურგში, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება:

“ოთარ წოწორიას ვიცნობ, როგორ წესიერ, პატიოსან, მშრომელ ადამიანს, რომელსაც მანქანის პროფილაქტიკა აქვს ბათუმში და თავადაც იქ მუშაობს ფიზიკურად. მთელმა ბათუმმა იცის.
სიმამრის გარდაცვალების გამო თავადაც და მთელი ოჯახი ერთი კვირის გამო არ ყოფილა სახლში. ბრუნდებიან და ადგებათ სუსი. ატარებენ ჩხრეკას და ბაბუის დანატოვარ ორ, კანონიერად გაფორმებულ სანადირო თოფთან ერთად, სამზარეულოში “პოულობენ” პისტოლეტს, რომლის წარმომავლობა არც ოთარმა და არც ოჯახმა არ იცის.
ოთარის და, ნონა წოწორია სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეა, იმ სასამართლოსი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს თავზე გადაახია რუსთავი 2-ის საქმე და რომლის დიდმა პალატამ სულ მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე. ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამ სასამართლომ უკვე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ საკნიდან მერაბიშვილის გაყვანა ეჭვს ქმნის, რომ მართლმსაჯულებას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა.
გენერალური აუდიტორის მცემელი ფარცხალაძე დასჯელი დადის და საგამოძიებო ორგანოებს აქეთ უტარებს “თათბირს” საკუთარ სახლში, პარლამენტი ხმას ვერ იღებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების – აუდიტის სამსახურის უფროსის ცემაზე, ხოლო ევრომოსამართლის პატიოსანი და მშრომელი ძმის სახლში “მოულოდნელად” იარაღი ჩნდება.
ესაა 2017 წლის საქართველო, რომელიც, როგორც “ოცნების” ახალი სახე იტყოდა, ნაზად აკაკუნებს ევროკავშირის კარზე.” წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის დასკვნის დროულად გამოქვეყნებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე, გვირაბში ავტომობილი ამობრუნდა