წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი დეპუტატი გაიყვანა. სავარაუდოდ, სამ მანდატს იღებს “ევროპული საქართველო“ და ორს – “პატრიოტთა ალიანსი“.

50 დეპუტატის შემადგენლობით არსებულ თბილისის საკრებულოში 25 მანდატი სწორედ პროპორციული წესით ნაწილდება.

პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი ფორმულის მიხედვით, 25 მანდატიდან ორი გადაუნაწილებელი მანდატი რჩებოდა. “საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ეს ორი მანდატი უმაღლესი ნაშთით ნაწილდება, რომელთაგან ერთი “პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ერთიც “ევროპულ საქართველოს“ მიაქვს.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მასშტაბით არჩევნები ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო და 25-ვე მაჟორიტარული მანდატი სახელისუფლებო პარტიამ აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში ჯამში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიNDI – სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
შემდეგი სტატიათიანეთის საოლქო კომისიამ ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა