“წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული უნდა იყოს პროგრამებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შუღლზე“

“საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე და სიძულვილის ენაზე” – ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის მიერ “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსის” მიღების ფაქტი.
“პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ამ კანონპროექტმა – 87 ხმა ნულის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური სუბიექტების მიერ. მსგავსი მცდელობები ბევრი იყო, თუმცა ჩვენ პირველებმა მოვახერხეთ, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, მსგავსი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ორიენტირებულია პროგრამებზე, პლატფორმებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე, დაპირისპირებასა თუ შუღლზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ერთგვარ ისტორიულ დოკუმენტად იქცეს. მნიშვნელოვანია რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და პოლიტიკურმა ძალებმა გაიზიარონ”- აღნიშნა დოლიძემ.

კანონპროექტში, რომელიც ვიქტორ დოლიძემ მოამზადა, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან – სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას, ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს. პროექტის მიხედვით, დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს სავჩენკოსთვის უკრაინის გმირის წოდების ჩამორთმევა მოსთხოვეს
შემდეგი სტატიააშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა