,,წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული საარჩევნო სისტემა დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად მოირგო”

წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული საარჩევნო სისტემა დღევანდელმა ხელისუფლებამ სხეულზე ძალიან კარგად მოირგო და ამას არავინ თაკილობს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
დეპუტატმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს გაახსენა, რატომ გამოვიდა ოპოზიცია 2007 წლის 2 ნოემბერს ქუჩაში ათეულობით ათასს ადამიანთან ერთად და ვინ რატომ შიმშილობდა.
ცაგარეიშვილის შეფასებით, მოქმედი “საარჩევნო კოდექსი” და ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებები მორგებულია გარკვეული ინდივიდების ინტერესებს და ამ ინდივიდებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ჰქვიათ.
“ძალიან მწყდება გული იმაზე, რასაც ახლა დარბაზში ვისმენ. ჩვენ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლება იმისთვის არ შეგვიცვლია, რომ სამი წლის თავზე ამგვარ საარჩევნო ცვლილებებზე გვესაუბრა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ამომრჩეველთან შეხვედრებზე მივდიოდით, რას ვამბობდით და რას ვუსვამდით ხაზს, როცა საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობდით. ასევე კარგად მახსოვს მთელი ის წლები – მოყოლებული 2004 წლიდან 2012 წლამდე როგორი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ვატარებდით ჩვენ ამ სისტემას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა, როგორ არ მოგვწონდა ეს სისტემა და როგორ ვაძაგებ მის ავტორებს. ახლა მოხდა ისე, რომ სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დამკვიდრებული, დღევანდელ ხელისუფლებას სხეულზე ძალიან კარგად მოერგო და ამას არავინ თაკილობს”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით გადის, არსებული 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის საკითხი პარლამენტში ცალკე იქნება ინიცირებული”
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ სახლებს გადასცემს