ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება ჟურნალისტებისა და ოპოზიციისთვის იქნება ამოქმედებული

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის მამა პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომელიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სახელით მომზადებული წინადადებით, ცილისწამება და უხამსი გამონათქვამი პატიმრობით უნდა დაისაჯოს. ამ ქმედების ჩამდენი პირი, პირველ შემთხევაში – 2 წლით, განმეორებით შემთხვევაში კი 5 წლით ციხეში აღმოჩნდება.

პოლიტიკური დებატების გამოცდილება უჩვენებს, რომ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ან ფრაზებს, რაც ადრესატმა შესაძლოა, ცილისწამებად აღიქვას, პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ. გამორიცხული არ არის, კანონი სწორედ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად იქცეს.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სწორედ ახალი საკანომდებლო რეგულაციით, ხელისუფლებამ მათთვის მიუღებელ მედიას და ჟურნალისტებს ბრძოლა გამოუცხადოს.

საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ენმ-ის წარმომადგენელი, გიორგი ტუღუში, “წარსულში დაბრუნებად” აფასებს.

ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს, ბოლო დროის ყველაზე დიდი მონაპოვარია.

„ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, არის საკმაოდ მაღალი სტანდარტის. ჩვენ გვაქვს, დაახლებით, ამერიკული დონის თავისუფლება ამ კუთხით, რომლის რაიმენაირად შესუსტება და რაიმე ტიპის რეგულირება ყოვლად დაუშვებელია,“ – აცხადებს გიორგი ტუღუში, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საკანონმდებლო წინადადებას მმართველ გუნდში ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, მაგრამ ეს იქნება „ჩაბრუნება წარსულში და ის ძირითადად მიმართული იქნება ჟურნალისტების და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისადმი“.

banner
წინა სტატიაშიუგანდაში კალიების ჭამის სეზონი დაიწყო… (ფოტოები)
შემდეგი სტატიაჩინეთი აშშ-ს გატაცებულ დრონს დაუბრუნებს